2/25/2014

სემინარის დღიურები: დღე IV

რამოდენიმე დღის წინ ჩემმა გერმანელმა მეგობარმა მომწერა, თბილისში ვარ და იცოდე, შაბათ-კვირას არაფერი დაგეგმოო. თავში მაშინვე უკვე დაგეგმილმა სემინარმა გამიელვა, ფაქტია მას მთელ დღეს ვერ დავუთმობდი.
მონა და მე ბერლინში ვმუშაობდით ერთად, ორივე კავკასიის კონფლიქტებს ვიკვლევდით და ერთად ვატარებდით სხვადასხვა ტიპის პროექტებს კონფლიქტების თემაზე. და აი ისიც, გამოსავალი სიტუაციიდან, რატომაც არა? მონას ვკითხე, რახან კვლევას აკეთებ, ხომ არ შეხვდებოდი სკოლის მოსწავლეებს? ხომ არ მოუყვებოდი შენი კვლევის შესახებ–მეთქი? უდიდესი სიხარულით დამთანხმა. ალბათ, სწორედ ამიტომაა ჩემთვის გამორჩეული მონა. ვიცი, რომ დათანხმდება ჩემს იდეებს და ბოლომდე გამოყვება.
სემინარის ბოლო დღე, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციურია. განსაკუთრებით, როდესაც ისეთ თემებს ეხები, როგორიც ოკუპაცია, კონფლიქტები და ტერორია. რატომღაც გადავწყვიტე ამ უკანასკნელსაც შევხებოდი, რადგან ვფიქრობ, ეს თემა, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალური და საინტერესოა.
დღე იმითაც გამოირჩეოდა, რომ სტუმრებს ველოდით. პირველი სტუმარი, ქალბატონი თინა ასათიანი, ქართულ-აფხაზურ-ოსური დიალოგის შესახებ გვიყვებოდა. ყველა მოუთმენლად ელის გაიგოს, რა ხდება იქ, საიდანაც, როგორც წესი, ინფორმაცია ან არ მოდის, ან დეგრადირებული, სახეშეცვლილი და ისტორიაშეცვლილი  გადმოგვეცემა ხოლმე.
ვიცი, რომ სტუმარი მალე წავა და ჩემთვის ძალიან საინტერესო ნაწილი დაიწყება. რა არის ტერორი, როგორ ფიქრობთ? ყველას მეტნაკლებად მსგავსი ასოციაციები აქვს ამ სიტყვასთან დაკავშირებით. მიხარია, რომ ეს ძირითადად ასოციაციებია და ახალი თაობიდან ცოტას თუ გამოუცდია საკუთარ თავზე ტერორი.
თუმცა, იმისთვის, რომ ისტორია სწორად გადავაფასოთ, აუცილებელია ემოციურ დონეზე მაინც ვიგრძნოთ ის, რასაც დატერორებულები გრძნობდნენ. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ხომ ტერორმა საშინელი გამოვლინება ჰპოვა, და სწორედ ამ წლებში მოყვა ამ გამოვლინებას უდიდესი მსხვერპლი.
საუბარი ჰოლოკოსტით დავიწყეთ. ზოგისთვის ეს ტერმინი ახალია, ზოგმა კი იცის, რომ ეს უდიდეს დანაშაულთან ასოცირდება, თუმცა, არავის უფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა, მათ რომ ამ პერიოდში ეცხოვრათ. მონაწილეები ფურცელზე წერენ ერთი დღის ისტორიას: როგორ იღვიძებენ, სად მიდიან, რაზე ოცნებობენ, როგორ ერთობიან.
ცოტა ხანში მე ვკითხულობ იმ კანონებს, რომლებიც ნაცისტურმა გერმანიამ მიიღო, რათა ებრაელები ჩამოეცილებინა აქტიურ ცხოვრებას. თითოეული კანონის წაკითხვისას ჩემი საყვარელი მონაწილეები შლიან იმას, რასაც ახლა ყოველდღიურად აკეთებენ, მაგრამ ვერ გააკეთებდნენ, რომ ეცხოვრათ ნაცისტურ გერმანიაში. შედეგი ტრაგიკულია; ყველას გული გწვყდება; უმეტესობას არც არაფერი დარჩა გასაკთებელ; მათი ოცნებები, მათი სურვილები, მეგობრები – ყველაფერი ანტიებრაულ კანონდებლობას მიყვება. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ ემოციებს იწვევს, მეორე მხრივ, კი ყველანი ერთად ვაცნობიერებთ, ეს არის ის, რაც არ უნდა მოხდეს; ეს არის ის, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ; ეს არის ის შედეგი, რაც ადამიანების სტიგმატიზაციას, მათ გარიყვას მოყვება ხოლმე.
სევდიანი მუსიკის ფონზე ჩვენი სავარჯიშო დასრულდა. სიტუაცია მონამ გამოაცოცხლა. მართლა რთულია არ გაგეცინოს მის სიცილზე, და ოდესმე დაგავიწყდეს.
სემინარის ბოლო დღე ჩემთვის კიდევ იმით არის ყოველთვის გამორჩეული, რომ დილიდანვე თავს ვარწმუნებ ხოლმე, რომ ეს არ არის დასასრული. მერე რა, რომ დღეს ჩვენი შეხვედრა მთავრდება?! ეს ხომ დასაწყისია, დასაწყისი ახალი იდეების, ურთიერთობების და შეხვედრების.
თეონა დალაქიშვილი

2/08/2014

სემინარის დღიურები: დღე III

და აი,დადგა ნანატრი შაბათი დღეც!...პრეზენტაციები ორი კვირით ადრე უკვე მზად მქონდა, თითქოს ყველაფერი დავგეგმე, წინასწარ განვსაზღვრე თემების თანიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ შეუძლებელია მიყვე დღის წესრიგს, როდესაც ასეთი აუდიტორია გყავს!
დღეს მივხვდი, რომ მიუხედავად ბავშვებთან ურთიერთობის "სირთულეებისა", თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ მათთან ვგრძნობ. "სირთულეებში" ვგულისხმობ სუპერაქტიულ ხორავას, რომელიც ერთი ჭიქა ყავის შემდეგ უკვე ჰიპერაქტიული ხდება... ასევე ლიზიკოს, რომელიც ისეთი ინტერესიანი, მაგრამ "მეძინება" სახით მისმენს, რომ თავს მაშინვე დამნაშავედ ვგრძნობ... ქეთის,რომელიც დღეს მხიარულ განწყობაზეა და სულ იცინის, თან ისე, რომ თავის შეკავებას მეც ძლივს ვახერხებ... სანდროს, თავისი რიტორიკული და საინტერესო კითხვებით... დავითს, გიორგის და ერეკლეს, რომლებიც ღრმად სერიოზული სახეებით მისმენენ და მეც თავი გაეროს ტრიბუნაზე უფრო მგონია, ვიდრე თსუ-ს 240-ე ოთახში :)
ძალიან რთულია ასეთი განსხვავებული აუდიტორიის დამორჩილება. ვგრძნობ, რომ ბავშვებს გულწრფელად აინტერესებთ ადამიანის უფლებები, ამიტომაც სვამენ ამდენ საინტერესო კითხვას, კამათობენ, მსჯელობენ. მათთვის სულ ერთი არ არის ის პრობლემები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, რაც ძალიან მახარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე (თან ცოტა გაუგებარი ტერმინებით), საკმაოდ დიდი მასალა მივაწოდე ბავშვებს, ბევრი ამბვი მოვყევი, მაინც დამრჩა სათქმელი.
გული მწყდება, რომ ხვალ სემინარები მთავრდება და რომ მომავალი შაბათ-კვირები ისევ ისეთი ჩვეულებრივი გახდება, როგორიც აქამდე - ჩვენი ბავშვების გაცნობამდე იყო.
ნინო ბაღაშვილი

2/07/2014

სემინარის დღიურები: მონაწილეების თვალით.. ნაწილი III

პარასკევ საღამოს, იანვრის ბოლო დღეს თოვდა, რამაც ძალიან გამახარა და ვფიქრობდი არ შეიძლებოდა ერთი თვით ადრე ეთოვა ახალი წლის განწყობა რომ მქონოდა მეთქი..ასე მივდივარ სახლისკენ და ამ ფიქრებით ვირთობ თავს ვიფიქრე ავალ სახლში და მერე ისევ უკან გარეთ გამოვალ–მეთქი. სახლში მივედი და გამოსვლამდე „Facebook”–ში „შევირბინე“ მხვდება ნინოს შეტყობინება: „თაკო ვერის ყბაყურა აქვს და ხვალ ტრენტინგზე წამოხვალ?პროსტა 4 საათია და ცოტა მომაბეზრებელი იქნება“. წავიკითხე და თვალები გამიბრწყინდა ნინოსთან ერთად ხვალ 4 საათს გავატარებ და „დაჟე“ მეტსაცთქო. მერე ბევრი ვიყოყმანეთ წამოვსულიყავი თუ არა აზრები გვაწუხებდა „იქნებ არ შემიშვან?“ „მერე ვერის რო პრობლემები შეექმნას?“ მარა საბოლოოდ მაინც წასვლა გადავწყვიტე.
გათენდა შაბათი დილა და თვალები გავახილე თუარა ვიფიქრე „აუუ როგორ მეზარება ეხლა ჩემი თბილი საწოლიდან ადგომა და ლექციაზე წასვლა თან ოკუპაციაზე თუ რაღაც ჯანდაბაზე“,მაგრამ თან მიხარია „ჯავახიშვილში მივდივაარ?!“. მივედით IIკორპუსთან და ჩემთავს ვუმეორებ ვერი ვარ დავითაშვილი. ნინო ცალკე მიმეორებს ამას და ჩემ ჰობს მიმეორებს, მახსენებს რა მიყვარს და რითი ვერთობი თავისუფალ დროს. ამ დროს მივადექით ჩვენს აუდიტორიას და სულ სხვა გარემო მხვდება. მგონია დიდი მწკრივებიანი სკამებით და დიდი დაფით ეს „აუდიტორია“, მკაცრი კაცი რომელსაც ნაცრისფერი სმოკინგი აცვია,აქვს ცივი გამოხედვა და ხელში უჭირავს სახაზავი. შევედი თუ არა ოთხი ფერია დავინახე და თვალები გამიბრწყინდა მეთქი „yeeeees” გადავრჩი მეც და ვერიც.... მაააგრამ ცოტა ბავშვი როა?! დამიმახსოვრებენ ვაიმეე რაღა ვქნაა ვერის რაეშველება. როაღარ შემოუშვან. შევედი და დავინახე რაღაც ფურცლები და მეთქი ტესტებია.... გულიმიცემს 7 კლასელმა მერავიცი 9 კლასის რაღაცეები. და უცებ განრიგი იყო გული დამიწყნარდა. გადავხედე და დამაინტერესა ვიფიქრე საინტერესო იქნება–მეთქი(ეს გამართლდა ისე). მანამდე ერთმანეთს გავეცნოთო და ნინო კიდევ მეასეჯერ მიმეორებს რომ მე ვარ ვერი, მიყვარს წიგნის კითხვა და სიმღერა, რომ ამ ტრენინგების შესახებ #113 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილისგან გავიგე. აი უკვე ნინომ დაიწყო ლაპრაკი და გული ლამისაა ამომვარდეს...დავიწყე ლაპრაკი და ნინოს სიცილმა ეს დაბნეული უარესად დამაბნია. ბოლოს შესვენებაზე ისეთი საყვარლად დამელაპარაკა დეა ჯიქია მაგრამ როგორც ვერი დავითაშვილს. მივხვდი რო აუცილებლად უნდა მეთქვა რაშიც იყო საქმე, შესაბამის დროს ველოდებოდი, დაახლოებით დასასრულს. მაგრამ მანამდე ისე საინტერესოდ ლპარაკობდა არ მინდოდა გაჩერებულიყო, მაგრამ თან ერთი სული მქონდა დაემთავრებინა რომ ჩემი სათქმელი მეთქვვა. აი დამთავრდა ტრენინგიც და ჩვენი შთაბეჭდიილებების დაწერა გვთხოვეს: რა მოგვეწონა, რა არა და რას შევცვლიდით. ანონიმურობის დაცვისთვის ოთახიდან გავიდნენ და მეც თან მივყევი და ყველაფერი ვუთხარი.... მეგონა გამლანძღავდნენ მაგრამ ისე საყვარლად მიიღეს ეს ფაქტი ლამის გავგიჟდი. ტრენინგის სიკარგესთან ერთად ტრენრებიც კარგები იყვნენ. მარა კაი ტრენინგი როგორ იქნებოდა კარგი ტრენერები რომ არ ყოფილიყვნენ♥? მოკლედ გავგიჟდი იქაურობაზე და იქ მყოფებზე.
ლექციას რაც შეეხება.. ორივე დღემ ბევრი შემატა ჩემ ცოდნას. და სიამოვნებით დავრჩებოდი საღამომდე. არმინდოდა ლექციის დამთავრება ოღონდ კვირას:დ შაბათს ერთი სული მქონდა ჩემი სათქმელი მეთქვა♥ ჩემ მოლოდინებს გადააჭარბეს, თან იმდენად რომ ამდენი არასდროს არავის გადაუჭარბებია!!!
თაკო ურიდია


სტილი დაცულია.
დ.ჯ.

სემინარის დღიურები: მონაწილეების თვალით.. ნაწილი II

                                                       პირველი თებერვალი.
მთელი ღამე თოვდა. დილით ტრენინგს უნდა დავსწრებოდი - „კონფლიქტი, ოკუპაცია და ადამიანის უფლებები“. მახსოვს, რამდენიმე დღის წინ მეილზე მომივიდა შეტყობინება - „გილოცავთ, თქვენ შეგარჩიეს ამა და ამ პროექტის მონაწილედ“-ო, მოკლედ, როგორც წერენ ხოლმე „იღბლიანებს“- მათ, ვინც მონაწილეებად აარჩიეს. გამიხარდა, რომ მეც ამ „იღბლიანებს“ შორის ვიყავი. შეტყობინებას მიბმული ჰქონდა პროექტის პროგრამაც. თვალი გადავავლე და დამაინტერესა. თუმცა, ამ დაინტერესების მიუხედავად, ძალიან მეზარებოდა შაბათ დილას ადრე გაღვიძება. ამას კიდევ თან დაერთო ცუდი ამინდი, თოვლი, თან წინა დღით სათვალე გავტეხე (მე სათვალის გარეშე, ეს იგივეა, რაც თევზი წყლის გარეშე- ალბათ   მიხვდით, რასაც ვგულისხმობ) და მოკლედ რომ ვთქვა, გადავწყვიტე არ დავსწრებოდი ტრენინგს. მადლობა ჩემს „დარტყმულ“ მეგობარს, რომ დილის 9-ის ნახევარზე გავახსენდი, სკოლაში მაგვიანდება და ,,არა’’ არ დამიწეროს მასწავლებელმაო. ვეღარ მოვახერხე დაძინება. ვიფიქრე, მთელი დღე რა უნდა ვაკეთო სახლში მარტომ–მეთქი და ავდექი, მოვემზადე, ჩანთაში ერთი ბლოკნოტი და კალმისტარი ჩავიგდე და ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსისკენ გავემართე.
თავიდან ისეთი სიტუაცია იყო, როგორც ყველა პროექტის პირველ დღეს – ბავშვები ერთმანეთს არ ვიცნობდით, არავინ ხმას არ იღებდა და ვინატრე, ნეტავ, ახლა აქ არ ვიყო–მეთქი. ეს ფიქრი არ მქონდა დამთავრებული და აუდიტორიაში შემოვიდა თამუნა - ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი. და მეც ამოვიღე ხმა. ნელ-ნელა ბავშვებმა და პროექტის ავტორებმა  ერთმანეთის გაცნობაც დავიწყეთ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ტრენერებმა ხმის ამოღებისთანავე მოახდინეს ჩემზე შთაბეჭდილება და მე მივხვდი, რომ მომავალი ოთხი დღის განმავლობაში ბევრ რამეს ვისწავლიდი მათგან.
მერე ტრენინგიც დაწყო. კონფლიქტის ანალიზსა და მოლაპარაკებების ხელოვნებას ეხებოდა. მეგონა უინტერესო იქნებოდა და მთქნარებას დავიწყებდი, მაგრამ სულაც არა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დეა ჯიქიას ასეთი საინტერესო ლექციისთვის, რომელიც ისე მონდომებით ცდილობდა ჩვენთვის მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება გაეზიარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით და განემარტა ჩვენთვის უცხო ტერმინოლოგია, რომ ადამიანს, რომელსაც სულაც არ აინტერესებს ეს საკითხი,  მასაც კი დააინტერესებდა. ტრენერი დაფაზე რაღაცებს წერდა, მე ვერაფერს ვერ ვარჩევდი უსათვალოდ, მაგრამ მაინც თავს ვუქნევდი - ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი მესმის–მეთქი.
ცოტა არ იყოს გადავიღალეთ. ჩვენს ტრენერს არც ეს გამორჩენია და საინტერესო სიმულაციური თამაშიც შემოგვთავაზა, რომელიც დაგვეხმარა პროექტის მონაწილეებს უფრო კარგად გაგვეცნო ერთმანეთი.
პროექტის პირველი დღე ასე „მაღალ ნოტაზე“ დავასრულეთ. ტრენერებს ჩვენი „რა მოგვეწონა“, „რა არ მოგვეწონა“, „რას შევცვლიდით“ ბარათები დავუტოვეთ და აუდიტორია დავტოვეთ. (როგორც ჩანს გოგოებს ყურადღებთ წაუკითხავთ ჩვენი ბარათები, ამას მოწმობს დეას პოსტიც: „თქვენი დაინტერესებული სახეები იყო სწორედ, ბავშვებო, ასე რომ მიჩქარებდა საუბრის ტემპს, ვცდილობდი რა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოწოდება მომესწრო თქვენთვის. (მიღებულ შენიშვნაზე თავის გამართლება)“). გზაში ყველა იმას ვნატრობდით, ნეტავ, ხვალინდელი დღეც მალე გათენდესო.
დიდი მადლობა დეას და თქვენ, ბავშვებო, ასეთი კარგი დღისთვის. ეს მართლა დაუვიწყარი პირველი თებერვალი იყო.

P.S. სულ გადამავიწყდა. მადლობა ჩემს გადარეულ მეგობარს. ის რომ არა, თქვენ ვერ გაგიცნობდით და არც ამდენი მეცოდინებოდა კონფლიქტებზე და მოლაპარაკებებზე.



ორი თებერვალი.
სახლში ემოციებით სავსე დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდი, როდის გათენდებოდა მეორე დღე, რომ ისევ წავსულიყავი უნივერსიტეტში და „შემესრუტა“ ახალი ინფორმაცია. თუმცა, მალე ისევ დავდექი არჩევანის წინაშე: მეგობარმა შემატყობინა - ხვალ „სასტავი“ კოჯორში ავდივართ და ხომ წამოხვალო. აი, მაშინ კი ვინატრე, ნეტავ ორი ვიყო–მეთქი. რას ვიზამდი, მეგობარს უარს ვერ ვეტყოდი, თან ძალიან მინდოდა ტრენინგზე წასვლაც. ვიფიქრე,  კოჯორში ასვლას სხვა დროსაც მოვასწრებ–მეთქი და გადავწყვიტე  მეგობარი მომეტყუებინა. ვუთხარი, რომ ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ გავცივდი და სიცხე მაქვს, ვკვდები–მეთქი. პრობლემა მოგვარდა და მეც დავმშვიდდი - ისევ დავესწრებოდი ტრენინგს.
გათენდა. ისევ თოვდა. დედამ კარგად ჩამფუთნა - არ გამიცივდეს ჩემი პატარა გოგოო და ისე გამომიშვა სახლიდან. ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი - ,,კაპიშონი'' მქონდა წამოფარებული, კაშნე მთელ სახეს მიფარავდა და მხოლოდ თვალები მიჩანდა. ამას მას შემდეგ მივხვდი, რაც ქუჩაში ერთი ყმაწვილი დაჟინებით მაკვირდებოდა, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ჩემი თვალები და სიცილით ჩამიარა გვერდით. რას იკრიჭება–მეთქი, გავიფიქრე და მაღაზიის ვიტრინაში ჩავიხედე. მივხვდი რატომაც იცინოდა.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ავტობუსიც მოვიდა და როგორც იქნა, მივედი დანიშნულების ადგილამდე. შესრულდა 11 საათიც. ბავშვები არსად ჩანდნენ. მოვიწყინე, მაგრამ გულის სიღრმეში მიხაროდა - თუ ბავშვები არ მოვიდოდნენ ტრენინგიც არ ჩატარდებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე კოჯორში მივდიოდი.
რამდენიმე წუთში აუდიტორია გაივსო. დაიწყო ტრენინგიც თემატიკით „რა არის
ოკუპაცია ?“. 1921 წლის ოკუპაცია, წითელი არმიის შემოჭრა და გასაბჭოება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - დამეთანხმებით ძალიან საინტერესო და ამავდროულად ყველასთვის მძიმე საკითხებია, მაგრამ ჩვენი ტრენერი, მარიამი ყველანაირად ცდილობდა მსუბუქად მოეწოდებინა ის ინფორმაცია და ფაქტები, რაც აუცილებელია იცოდეს ყველა ქართველმა. თეორიული კურსის გავლის შემდეგ, მარიამმა შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო სიმულაციური თამაში, რომელმაც შესაძლებლობას მოგვცა თეორია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, როგორ იბრძოდა ჩემი გუნდი აფხაზი თანამემამულეებისათვის დახმარების გასაწევად  და როგორ მოითხოვდა მეორე მხარე მედიატორის ჩარევას მოლაპარაკებებში - ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ მაინც ვერაფერზე შევთანხმდით. სამწუხაროა, რადგან რეალური მოლაპარაკებების დროსაც ხდება ასე, რის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა ზარალდება. მართალია, ეს მხოლოდ თამაში იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მე მაინც განვიცადე, რომ ვერაფრით შევძელი დავხმარებოდი აფხაზ ხალხს.
ენერჯაიზერის და გართობის დროც დადგა. თამაშ–თამაშით ძალიან ბევრი და საინტერესო რამ შევიტყვე პროექტის მონაწილეებზე (მაგ. შეკითხვაზე სახლი რომ იწვოდეს, პირველს რას გადაარჩენდიო, სანდრომ ასეთი პასუხი გამცა - საწოლს. უცებ წარმოვიდგინე ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამორბის სანდრო და მოათრევს საწოლს. თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. მე კონტაქტური ლინზები გამომაქვს , ერთს ,,ფლეისთეიშენი'', ზოგიერთები ჩვენზე ჰუმანურები აღმოჩნდნენ და დები, ძმები და სხვა ოჯახის წევრები გამოიყვანეს), კარგად გავერთეთ და სემინარის მეორე დღეც დასრულდა. ასე ხალისიანად დავტოვეთ აუდიტორია.
მოუთმენლად ველი 8 თებერვალს, რომ ისევ „შევისრუტო“ ახალი ინფორმაცია და რამდენიმე საათი გავატარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც საერთო ინტერესი მაკავშირებს.


P.S. სახლისაკენ მიმავალს ის მეგობარი შემხვდა, რომ მოვატყუე სიცხე მაქვს და ვკვდები–მეთქი. გავწითლდი, საერთოდ ვერ ვიტან ტყუილს, მაგრამ როცა საჭიროა, მაშინ... მოკლედ ვთვლი, რომ ამ ტყუილის თქმა შეიძლებოდა. რომ არ მეთქვა, ამდენ საინტერესო ადამიანს უფრო ახლოს ხომ ვერ გავიცნობდი?!
                                                                                                                  ლიზი ჩადუნელი                          
                                                                        

2/06/2014

სემინარის დღიურები: მონაწილეების თვალით.. ნაწილი I

 
 შაბათი და კვირა – დღეები, რომელსაც მთელი კვირა ველოდები მარტო იმიტომ, რომ 12 საათმდე მეძინოს. 1-2 თებერვალს, და მანამდე პარასკევ საღამოს მქონდა ფიქრი იმაზე, რომ მეორე დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და კიდევ ერთ მოსაწყენ ლექციაზე წავსულიყავი. ამას ყველაფერს ემატებეოდა ის, რომ საშინლად თოვდა, ქუჩები იყინებოდა და ყველაფერს უბრალო, თეთრი ფერი ედებოდა.
   დილა, გარეთ სიცივე, ყინვა, თოვლი.. შუფუთნული გამოვედი გარეთ და მთელი გზა იმით ვერთობოდი, ქუჩაში წაქცეულ ხალხს რომ ვუყურებდი  (ბოროტი ღიმილი). არანაირი მოლოდინი ლექციისგან. ამას ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კიბეზე წავიქეცი და ვიფიქრე, საერთდ აღარ ავალ ამ ლექციაზე–მეთქი. როგორც იქნა, ვიპოვე 240-ე ოთახი, შევედი. აუუუ როგორ თბილოდა!   დაიწყო ლექცია და ძლივს შეველიე ყურსასმენებს და დაიწყო. დაიწყო და მინდოდა აღარ დამთვრებულიყო. ბავშვები არაჩვეულებრივი, თან ცოტა. ტრენერებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. არ მეგონა, კონფლიქტზე საუბარი ასე სასიამოვნო თუ იქნებოდა.  მაგრამ ისე სწრაფად ლაპარაკობდა ჩვენი საყვარელი ტრენერი, მინდოდა ცოტა ხანი არ მომესმინა, მაგრამ არ მაცდიდა – მითრევდა და მითრევდა. სიმულაციური თამაშისას ჩემი თავით ისეთი კმაყოფილი დავრჩი, რომ დავფიქრდი – მოლაპარაკებების გამართვა ხომ არ დამეწყო ჩემს ძმასთან „საყოფაცხოვრებო საკითხების“ გადასაჭრელად–მეთქი. შაბათის ლექცია მორჩა და ისეთ ნასიამოვნები ვიყავი, ისიც კი ვერ შევამჩნია, როგორ წავიქეცი ქუჩაში 3–ჯერ.
   კვირა – მძიმე დილა ისევ და ისევ. მაგრამ ჭიქა ყავის და დილის გამამხნევებელი გაღიმების მერე გამახსენდა, რომ ისევ იქ, 240-ე ოთახში გველოდებოდა 4 კეთილი ფერია, რომელთაგან ერთ-ერთს ოკუპაციაზე უნდა ესაუბრა, რათა დაენახებინა, რა ცუდი „ბიძიები“ არიან ზოგ-ზოგიერთები და რა დაუნდობლად ექცეოდნენ და ექცევიან პატარა, უსუსურ ქვეყნებს. ეს თემა გადავაგორეთ და დადგა სიმულაციის დრო. ოოო ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას შევეხეთ და მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანი აცნობიერებდა ამას. მაგრამ მიხარია, რომ მედიატორი არ დაგვჭირდა, ის ხომ „ცუდი ძიაა“.
   ბევრი ვისწავლე, ვიმხიარულე, გავერთე და რაღაც გრძნობა არ მასვენებს – უკეთესის მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, ეს გრძნობა არ დამეუფლებოდა ის გარემო რომ არ დამხვედროდა, რაც დამხვდა.
ელენე დავითაშვილი
***

   პირველი დღე და პირველი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებ კონფლიქის დროს იმ რჩევებს და სიახლეებს, რაც შევიტყვე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ კონფლიქტს, რომელიც ორი ადამიანის ჩხუბად მიმაჩნდა, ამდენი ფუნქცია და მახასიათებლები ექნებოდა.
    რაც შეხება მეორე დღეს, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი დღე იყო, რადგან ოკუპაციაზე საუბარი ყოველთვის მაინტერესებს. არ ვარ დევნილი, მაგრამ მაინც განვიცდი ჩვენი ტერიტორიის 20% დაკარგვას. ამიტომ მსურს, ბევრი სიახლე შევიტყო ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის ბევრი ნაცნობი და უცნობი ისტორია გავიგე, რამაც ძალიან გამახარა.
    ბოლოს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჯგუფს, რომელიც მართლა პროფესიონალებით არის სავსე. რამოდენიმე ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ ჩვენში, ბავშვებში აამაღლოს ცნობიერება მნიშვნელოვან საკითხებში და მოხარული ვარ, ამ პოზიტიური და ჭკვიანი ადმიანების განცობით.
ირაკლი ხორავა

 
***
 


 ძალიან მომეწონა ეს ტრენინგები. განსაკუთრებით, ოკუპაციის შესახებ. ამგვარ ტრენინგებს საერთოდ პირველად ვესწრები და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო საუბრები მეგონა. ჩემი იმედები გამართლდა. ძალიან მომწონს ჩვენი აუდიტორია და სიმულაციური თამაშები.
გიორგი კუკავა

2/04/2014

სემინარის დღიურები: დღე II

  
დღე ადრე დაიწყო. ვღელავ, ფურცლებს წამდაუწუმ ვამოწმებ. ვცდილობ, არ ვიხმაურო, რომ ჩემმა შვილმა, გაბრიელმა არ გაიღვიძოს. თუმცა, არ გამომივიდა. არ უნდა ჩემი უნივერსიტეტში გაშვება – მეც მინდა დეას ლექციებზეო. ამასობაში კი დეა ქუჩაში მელოდება, გაყინული. ვცდილობ არ დავიგვიანო. თავში კი უამრავი აზრი მიტრიალბეს, დღევანდელ სასაუბრო თემასთან დაკავშირებული სხდვასხვა კადრები ცვლიან გონებაში ერთმანეთს. ვფიქრობ, რა პასუხი გავცე იმ კითხვებს, რომელიც გუშინ ბავშვებმა მოამზადეს და დიდი ინტერესიანი თვალებით ელოდებიან ჩემს „დღეს“.
   დღე კი გაგრძლედა იმით, რომ უნივერსიტეტში ინტერნეტი არ მუშაობდა კარგად და ფაქტიურად, მთელი ლექცია ჩამეშლებოდა. მოკლედ, ეს დაბრკოლებები ჩემი ნებისმიერი ქმედების თანმდევია. ამიტომ დიდად აღარ ვნერვიულობ. 11 შესრულდა უკვე და თვალი კარისკენ გამირბის. ნელ-ნელა ერთი მეორის მიყოლებით შემოდიან ბავშვები. მეც გავემზადე და ვიწყებ.
   თითქოს უკვე წინასწარ ვიცი, რა უნდა ვთქვა, მოვემზადე, რაღაც მასალებს გადავხედე. თან პირველად ხომ არ ვატარებ ტრენინგს?! და უცებ აღარ ვიცი რა ვთქვა. ოთახიდან კი დიდი, მომლოდინე თვალები შემომცქერიან.  „კბილების კრაჭუნით'' ელოდებიან ლექციის იმ მომენტს, როცა დისკუსიაზე გადავალთ და ყველა თავის აზრს იტყვის.
   სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ ბავშვებმა ისტორია კარგად იციან, სწორ ანალიზს უკეთებენ მოვლენებს და საღად აფასებენ ფაქტებს. არ მინდოდა მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე გავლენა მომეხდინა, ამიტომ ვუტოვედი მათ იმის საშუალებას, რომ თავად გამოეტანათ დასკვნები. გამომივიდა? ამაზე, ბავშვებო, თქვენ უნდა მიპასუხოთ.
  გული მწყდება, რომ ფილმის ნახვა და გარჩევა ვერ მოვასწარით, თუმცა, იმედი მაქვს ტრენინგის ბოლოს სიმულაციური თამაშით ყველამ კარგი გამოცდილება მიიღო.
   თემა, რომელზეც თითქმის 3 საათის განმავლობაში ვსაუბროდით, იყო ძალიან მძიმე, თუმცა, ბავშვებო, თქვენთან ურთიერთოების არჩეული სტილი საშუალებას გვაძლევდა ღიად და თავისუფლად გვესაუბრა ყველა დეტალზე. გულწრფელად მიხარია, რომ საოცრად მონდომებული და დაინტერსებულები აღმოჩნდით.
   მოუთმენლად ველი კიდევ  ერთხელ თქვენთან შეხვედრას, რადგან წინ კიდევ ბევრ, საინტერესეო თემაზე დისკუსია გველის.

   პ.ს. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი მოლოდინები სულ ცოტათი მაინც გამართლდა და თქვენს კითხვებს პასუხი გავეცი. 

მარიამ მებურიშვილი

2/01/2014

სემინარის დღიურები: დღე I

   
     ბოლოს, სულმა წამძლია და კედელზე გაკრულ ,,მომეწონა'', ,,არ მომეწონა'', ,,რას შევცვლიდი'' კონვერტებს სათითაოდ მივადე ხელისისქე მოვუსინჯე, სანამ მასში არსებულ მონაწილეების მიერ დატოვებულ შთაბეჭდილებებს წავიკითხავდი.

,,მომეწონა'' ყველაზე ,,მსუქანი'' აღმოჩნდა.

   თავიდან კი იყო ის, რომ ოთხმა როგორც საერთო, ისე განსხვავებული პროფესიების და საქმიანობის მქონე ადამიანმა ჩვენში არსებული ენთუზიაზმის მირჩენილ დოზებს ვუხმეთ და ერთი ერთობლივი პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ. გვინდოდა ყოფილიყო აქტუალური, ჩვენთვის საინტერესო და ისეთი რამ, რასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით. გადავხედეთ ჩვენი ინტერესის სფეროებს და ჩამოვყალიბდით: სემინარების ციკლი ,,კონფლიქტი, ოკუპაცია და ადამიანის უფლებები'' სკოლი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.
   პროექტის მიზნებსა და აქტუალობაზე საუბარი გავიარეთ, დაგეგმვის ეტაპი გავიარეთ, მომზადების ეტაპსაც იგივე ვუქენით, მივიღეთ აპლიკაციები, შევარჩიეთ, გავემზადეთ, დავლაგდით და დაიწყო თოვა. დაიწყო თოვა და მიყვა ფიქრები იმაზე, ვაითუ მოყინულ ქუჩებში მარილი არ დაყარონ ქალაქის ამ დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გადამკიდე, ვაითუ მონაწილეებმა მოსვლა ვერ მოახერხონ და .. მაგრამ ვერ მოვიდნენ კიარა, ზედმეტიც არ მოვიდა რო? (მიმხვედრი მიხვდა, გაეღიმა).
   ოთხ დღეზე გაწერილი სემინარების პირველი დღე მე მქონდა დათმობილი ჩემი კონფლიქტების ანალიზების და მართვის საკითხებით, მოლაპარაკებების ტექნოლოგიებითა და მისთანებით. გვქონდა სიმულაციური თამაში და შუალედებში სხვადასხვა სახალისო საინტერესო აქტივობა. რომ არა ჩვენი აქტიური და საღი აუდიტორია, მე ამ წუთში ასეთი კმაყოფილი არ ვიქნებოდი დღევანდელი დღით.

–თქვენი დაინტერესებული სახეები იყო სწორედ, ბავშვებო, ასე რომ მიჩქარებდა საუბრის ტემპს, ვცდილობდი რა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოწოდება მომესწრო თქვენთვის. (მიღებულ შენიშვნაზე თავის გამართლება)

დასამახსოვრებელი იყო ბავშვების გულწრფელი ემოციები ჩვენთან ურთიერთობისას, მათი შთაბეჭდილებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბარიერებს არცერთი წუთით არ მივეცით არსებობის უფლება. აი, ბავშვების მოლოდინებს რაც შეეხება, ვერ გავამართლეთ. უინტერესო რაღაცას ელოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვენ საინტერესო შევთავაზეთ. შედეგად მათი ფიქრები იმაზე, რომ ‘პირველ დღეს დავესწრებით, არ მოგვეწონება და დანარჩენ დღეებში აღარ ვივლით’, გადაფიქრებულია და მოფიქრებულია ის, რომ ‘ერთი სული აქვთ, როდის გათენდება ხვალ’.
ხვალ კი ჩვენ, ჩვენი მხრივ, მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე გვექნება ნაფიქრი, მათი შენიშვნები გვექნება გათვალისწინებული და მათში მოწონების დამსახურებით ვიქნებით ამაყები.

დეა ჯიქია