3/28/2010

მანიპულაციის ხერხები: ხელისუფლება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება


   მანიპულაციის არსი: მანიპულაციის მიზანია, ზოგადად, ძალაუფლების მოპოვება, რეალიზაცია და შენარჩუნება. მანიპულატორი გვკარნახობს საკუთარი ტექსტის ან ქცევის რეალობასთან ისეთ კავშირს, თავს გვახვევს მის ისეთ ახსნას, რომ მოხდეს სინამდვილის შესახებ ჩვენი წარმოდგენის ტრანსფორმაცია მანიპულატორისთვის სასურველი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ იგი ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს ქცევებზე, ჩვენ კი ამ დროს დარწმუნებულნი ვიქნებით იმაში, რომ ჩვენი აზრები და ქცევები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საკუთარ სურვილებთან. მანიპულირებაში მოაიაზრება წინასწარ დაგეგმილი შედეგების მისაღწევად ვინმეზე მიზანმიმართული ზემოქმედება. სწორედ ეს არის ადამიანების ქცევის მართვის ტექნოლოგია – საზოგადოებრივი აზრის, მასების მისწრაფებებისა და განწყობების იმგვარად დაპროგრამება, რომლის შედეგადაც მიიღწევა ისეთი ქცევა, როგორიც სჭირდება მანიპულირების საშუალებების მფოლობელს.

  წარმატებული მანიპულირების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ფართო მასებისთვის ბევრი ინფორმაციის ერთდროულად მიწოდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას სურვილი არ უჩნდება დაკარგოს დრო, დაძაბოს გონება და ეჭვი შეიტანოს მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობაში. ინფორმაციის აურაცხელ ნაკადში ადამიანი ეუფლობა პასიურად და ის არ იწყებს თითოეული ინფორმაციის კრიტიკულად გადამუშავებას.
ყოველგვარ მანიპულირებას ახასიათებს ფარულობა, ილუზია, ცნობიერებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ე.წ. უჩინარი მექანიზმი, რომლის მიზანიცაა ამა თუ იმ მრწამსის ან შეხედულების ფორმირება.


მანიპულაცია, როგორც პოლიტიკური ცნობიერებისა და ქცევის ფარული მართვის ანატომია:

  საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტს წარმოადგენს პოლიტიკური ფიგურებისთვის. ეს იმიტომ, რომ მათი იდეოლოგიის “მომხმარებელი” სწორედ საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომლის აზრის, რომლის კეთილგანწყობისა და რომლის ნდობის მოპოვებაც ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.
 საზოგადოებრივი ცნობიერება ის ადგილია, სადაც ყველა პოლიტიკოსის გადმოსახედიდან მისთვის სასურველი კუთხით უნდა იყოს განვითარებული მისივე იდეოლოგია, ან თუნდაც ქვეცა და რომელიც მუდამ მიმართული უნდა იყოს მისთვის სასურველი ქმედების განსავითარებლად.
  განვილიხოთ საქართველო მისი სამივე პირველი პირის გაპრეზიდენტების მაგალითზე; ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ იმ აზრის განვითარებით, რომ საქართველოს უნდა მოეპოვებინა გამოუკიდებლობა და რომ უნდა განთავისუფლებულიყო სსრკ-ს მმართველობისგან. გამსახურდია იყო ლიდერი ეროვნული მოძრაობისა, რომელიც ფართო მასების მიერ აღიქმებოდა, როგორც მხსნელი იმ პერიოდში. საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირების მაგალითს წარმოადგენდა ის მრავალათასიანი მიტინგები, რომელსაც გამსახურდია თავისი პრეზიდენტობის დროს ხშირად ატარებდა. როგორც წესი, მანიპულატორი, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ტექსტის ან ქცევის სახით, მათ გამომსახველ ნიშნებს სთავაზობს იმგვარად, რომ ისინი ამ ნიშნებს თავისთავად აჯენენ კონტექსტში, რითაც მათ აღქმაში სახე ეცვლება ამ კონტექსტს. ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში მისი გამოსვლის ჩვეული მანერა (მუშტის მოღერბით საუბარი) საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებას წარმოადგენდა და ამით ის მათ თვალში წარმოჩინდებოდა, როგორც ქარიზმატული ლიდერი, რომლის სიტყვაც ადვილად დაჯერებადი უნდა ყოფილიყო.
   რა მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დროს? ამ შემთხვევაშიც კონკრეტულმა ძალებმა მისი მმართველობა უკანონოდ მიიჩნიეს და ისევ საზოგადოებრივ აზრს “უხმეს” მიზნის მისაღწევად. იმ პერიოდში ანტიპრეზიდენტულ კამპანიაში ჩართული ხალხი თავიანთ ქმედებას სამართლიანად მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ მას თვითონვე უწევდა კონტროლს. დღეს კი ის ადამიანები ადვილი შესაძლებელია ასკვნიან, რომ სინამდვილეში ისინი მანიპულირების ობიექტები იყვნენ უცხო ძალის ხელში. ეს უცხი ძალა კი ედუარდ შევარდნაძე იყო. თუმცა, შევარდნაძის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი განმეორდა, მოვიდა ისევ “უცხო” ძალა მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელმაც აქტიურად დაიწყო საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენა. ხალხის სულიერი და ფსიქოლოგიური სტრუქტურები პოლიტიკური ფიგურებისთვის კარგი სამიზნე აღმოჩნდა. მათი ცნობიერებით მანიპულირება ადვილი გამოდგა იმიტომ, რომ ხალხში მაღალი იყო წინა ხელისუფლებით უკმაყოფილების დონე. მას სჭირდებოდა ლიდერი, რომელსაც ის გაჰყვებოდა. ეს შემთხვევა ზუტი ილუსტრაციაა მანიპულაციის იმ ნიშან-თვისების, რაც ზემოთ ვახსენეთ და რაც ეხება მანიპულაციის პროცესში მსხვერპლის თანაავტორობას. ხალხის ცნობიერებაზე იმოქმედა ახალი პოლიტიკური ფიგურების მაცდურმა სლოგანებმა, მაცდურმა დაპირებებმა და შედეგად, ხალხის მასობრივი ცნობიერების ტრანსფორმირება წარიმართა მანიპულატორისთვის სასურველი მიმართულებით. ხალხი ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა, როგორც ბრბო და ამ ტერმინში იგულისხმება ხალხის ის მასა, რომლის მართვაც ადვილია, რომელიც სკანდირებს იმას, რაც “წინამძღოლს” სურს. გადის მცირე დრო და სწორედ ეს ბრბო გამოდის უკვე ამ “წინამძროლის” წინააღმდეგ. ეს კი იმაზე გვაფიქრებს, რომ ხალხის ცნობიერება მუდამ მზადაა თავისი გონება სამართავად სხვას დაუთმოს.
  დღეს საკმაოდ მოდურია ხალხის სახელით სპეკულირება. საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მომხდენად მედია საშუალებები გვევლინება, უმეტესწილად. სწორედ მათი საშუალებით ხდება ხალხის აზრის სასურველი კუთხით წარმართვა. სწორედ მედიის მიერ მიწოდებული აღიქმება ხალხის თვალში, როგორც სინამდვილე და სწორედ მედიის თვალით აფასებს ხალხი, ამ კონკრეტულ შემთქვევაში, პოლიტიკურ ფიგურებსა და პოლიტიკურ სიტუაციებს. მთავარ პოლიტიკურ მოვლენად ქართულ საზოგადოებაში ითვლება ის, რასაც “რუსთავი 2” ან “მაესტრო” წარმოადგენს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ რომელ არხს ენდობა. აქ კი იკვეთება პრობლემა, რაც გულისხმობს მედიის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას. მის უნარს თვითონაც არ მოექცეს პოლიტელიტების ზემოქმედების ქვეშ. მედია სახელისუფლებო წრეების მიერ ეფექტურად გამოიყენება არსებული სინამდვილის “ღია ფერებით” გამოსახვის მისაღწევად. მათ შეუძლიათ რაიმე ნეგატიური ფაქტის არსებობის შემთხვევაში პარარალურად ხელოვნურად განაპირობონ პოზიტიურის მოხდენა და იმ მიზნით, რომ ის ნეგატიური მიიჩქმალოს, ხალხის ყურადღება ამ პოზიტიურისკენ მომართოს. ამის მიღწევის ეფექტური საშუალება კი საინფორმაციო გამოშვებებია, შედეგი კი საზოგადოებრივი ცნობიერების დაბინდვაა.

25-ე კადრი – საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირების დასჯადი საშუალება:

   როგორც წესი, ადამიანის გონებას წამში 24 კადრის აღქმა შეუძლია, რომელსაც ის ნათლად და გარკვევით იმახსოვრებს. 25-ე კადრი კი მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად – ტვინზე ძალდატანებით ზემოქმედებად. 25-ე კადრის გამოყენება ბევრ ქვეყანაში კანონის ძალით იკრძალება.
   25-ე კადრის გამოყენება ხშირია წინასაარჩევნო რეკლამებში. ხშირი იყო მისი გამოყენება სსრკ-ს პერიოდში. როგორც ვხედავთ, ეს ხერხიც ეფექტურად გამოიყენება პოლიტიკური ფიგურების მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი თავისდაუნებურად ექცევა გავლენის ქვეშ, რადგან მან შეიძლება აშკარად ვერ შეამჩნიოს ის იდეა, რომელის 25-ე კადრში იქნება გატარებული, მაგრამ მისი ხილვის შემდეგ ის შთაბეჭდილება დაეუფლება, რაც მანიპულატორის მიზანშია. ეს კი ცნობიერებით მანიპულირების კიდევ ერთ კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

   ამგვარად, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება დღევანდელ რეალობაში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან მისი განმახორციელებლები ყოველთვის ეფექტურად ფლობენ იმ ხერხებს, რომლის მეშვეობითაც ეს ქმედება საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია. პრობლემიდან გამოსავლის პოვნა კი რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეპოქის საზოგადოებაში იარსებსბ ის ფასეულობები და იარსებებენ ის ადამიანები, რომელთაც აუცილებლად დასჭირდებათ საზოგადოების აზრის სასურველი კუთხით წარმომართვა.

No comments:

Post a Comment