2/03/2012

პარადოქსებისა და ანომალიების მინი სამყარო - ჩრდილოეთ კორეის ‘ფენომენი’ თანამედროვე ეპოქაში


   
    დემოკრატიული ღირებულებები, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა –  ეს ის ძირითადი ფასეულობებია, რომელთა აღსრულებასაც თანამედროვე სამყაროს უმეტესი სახელმწიფოები ცდილობენ, ასახელებენ რა მათ თავიანთი ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად და საერთაშორისო საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად და მის თვალში პოზიტიური განწყობის შესაქმნელად სწორედ ამ ფასეულობებისადმი უპირატესობის მინიჭებას ცდილობენ. თუმცა, ამ თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მსწრაფ მსოფლიოში არსებობს ისეთი სახელმწიფოებიც, სადაც სრულიად რადიკალური  ვითარებაა ამ მხრივ და ერთ–ერთ მათგანს ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს.

   ჩრდილოეთ კორეა, ესაა სახელმწიფო, სადაც მმართველობის ტიპი არის მემკვიდრეობითი დიქტატიზმი, სადაც გაცხადებულია პიროვნების კულტი და რომელიც დაფუძნებულია „ჩუჩხეს“ იდეოლოგიაზე. 
    ისტორიული მიმოხილვა
  მეორე მსოფლიო ომამდე კორეის ნახევარკუნძულზე კორეის იმპერია ფუნქციონირებდა, რომელიც 1905 წლის რუსეთ–იაპონიის ომის შედეგად იაპონიას მიუერთდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ორ ნაწილად დაიწყო – ჩრდილოეთ ნაწილი, რომელის საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული და სამხრეთ ნაწილი, რომელიც ამერიკის ოკუპირებულ ზონას წარმოადგენდა. 1948 წელს ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო გაეროს სამეთვალყურეო არჩევნებში, რამაც გამოიწვია მმართველობის გახლეჩა ამ ორ ზონას შორის და რასაც შედეგად ომი მოჰყვა კორეის ნახევალკუნძულზე სუვერენიტეტის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებები 1953 წელს შეწყდა, მხარეებს შორის დაპირისპირება დღემდე არსებობს. 

ლიდერები
       ჩრდილოეთ კორეას 1948 წლიდან კიმის დინასტია უდგას სათავეში.  მისი პირველი ლიდერი კიმ ირ სენი იყო, რომელიც 1994 წლამდე მართავდა ქვეყანას. ის მიჩნეულია, როგორც ავტოკრატიული ლიდერი, რომელმაც  ქვეყანაში პიროვნების კულტი და „ჩუჩხეს“ იდეოლოგია შემოიღო.  ითვლება, რომ კიმ ირ სენი იყო ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი პრეზიდენტი, ვინაიდან მისი სიკვდილის შემდეგ მას სამუდამო პრეზიდენტის წოდება მიანიჭეს. ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა კი დღემდე თაყვანს სცემს მას, როგორც ქვეყნის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს და მის უკვდავებაშია დარწმუნებული. 
   1994 წელს ქვეყნის სათავეში კიმ ჩენ ირი მოვიდა. თუ მამამისის მმართველობის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყნის იდეოლოგიის შემუშავება იყო, ქვეყნის წინაშე  მის მთავარ ღირსებად ორი ატომური იარაღის შექმნა ითვლება. ამ ფაქტის გამო ჩრდილოეთ კორეა სერიოზულ კონფრონტაციაში მოექცა სამხრეთ კორეასა და აშშ–სთან, რამაც დასაბამი მისცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესს ატომური პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის არაპროგნოზირებადი ხელისუფლების წყალობით ატომური იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.
   გარდა ამისა, კიმ ჩენის ირის ძალაუფლების მთავარ ინსტრუმენტს არმია წარმოადგენდა. ოფიციალურად მასში მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება, დანარჩენი 8 მილიონი კი გაწვრთნილ რეზერვს წარმოადგენს. ეს კი იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 24 მილიონს შეადგენს. ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ არმიის შენახვას ხმარდება, რაც პირდაპირპროპორციულად ნეგატიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.  ქვეყანაში საკვებით მომარაგების სერიოზული პრობლემაა, რის გამოც ხშირია შიმშილობით გამოწვეული სიკვდილიანობის ფაქტები. გაეროს მონაცემებით 8 მილიონამდე ადამიანს ესაჭიროება საკვებით უზრუნველყოფა. ექსპერტების მოსაზრებით კიმ ჩენ ირმა დატოვა არა ქვეყანა, ამ სიტყვის აღიარებული გაგებით, არამედ პირადი ‘ნაკრძალი’, რომელიც კიმის კლანის მფლობელობაშია.
    მამა–შვილი ქვეყანას აბსოლუტური დიქტატურით მართავდნენ. ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კორეას აფასებენ, როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, რომელიც არსებობს არა ხალხისთვის,  არამედ მისი მმართველი მკაცრი რეჟიმისთვის.
    2011 წლის დეკემბრიდან ჩრდილოეთ კორეას 27 წლის ახალი ლიდერი ჰყავს, კიმ ჩენ ინის სახით. ექსპერტები მის მმართველობას ეჭვის თვალით უყურებენ გამოუცდელობის გამო. მათი აზრით, დაიწყო ე.წ. გაურკვევლობის პერიოდი, რომელსაც ბევრი სახიფათოდ აღიქვამს ამ ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც. საფრთხე უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა, ბირთვულ პროგრამას. კიმ ჩენ ირის დესპოტური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ძალისხმევა, როგორც უკვე აღინიშნა, მიმართული იყო ბირთვული იარაღის შექმნისაკენ, რისი საფასურიც გახდა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია და ცხოვრების უმძიმესი პირობები თითქმის მთელი მოსახლეობისათვის. კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით საეჭვო საკითხს წარმოადგენს ისიც, შეძლებს თუ არა ის მამამისის მსგავსად, მმართველობა მოსახლეობაზე წნეხის ფორმით გააგრძელოს? თუ კიმ ჩენ ირის შემთხვევაში 1994 წელს ამის მოხერხება ადვილი იყო, დღეს თანამედროვე სამყაროში, მაშინ, როდესაც დიქტატორების რიცხვი სულ უფრო მცირდება, ჩრდილოეთ კორეის უწინდელი კურსის გაგრძელების ალბათობა სულ უფრო მეტად დგება ეჭვის ქვეშ.  


„ჩუჩხეს“ იდეოლოგია
   „ჩუჩხე“ მარქსიზმის კიმ ირ სენული ვარიანტია. კორეულ ენაში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მისი ამოსავალი იდეა არის შემდეგი: „ადამიანი - დედამიწის ბატონია“. 1972 წლის კონსტიტუციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სუვერენული, სოციალისტური რესპუბლიკაა, რომელიც „ჩუჩხეს“ იდეებით ხელმძღვანელობს. ამ იდეების შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ვალდებულია, ქვეყნის შიდა საკითხები საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს, ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე. „ჩუჩხე“ მიზნად ისახავს სოციალიზმის შენებას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით და ქადაგებს ბელადიზმს. მისი იდეების თანახმად, ისჯება დიდი ქვეყნების წინაშე ქედის მოხრა ნებისმიერი ფორმით. გარკვეულწილად, ეს იდეოლოგია ანტიგლობალიზმის და იზოლაციონიზმის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს, რომელიც ისტორიის მთავარ სუბიექტად ცნობს ერს და არა კლასებსა და ფენებს.
     ლიდერი და ხალხის მასა – ავტორიტეტისადმი მორჩილება ჩრდილოეთ   კორეაში
   ჩრდილოეთ კორეის შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ლიდერისადმი უპირობო მორჩილება. საკითხს წმინდა თეორიული კუთხით თუ მივუდგებით, მსგავს ვითარებაში ადამიანები გამოირჩევიან სურვილით დაემორჩილონ ძალაუფლებით აღჭურვილ პირებს მაშინაც კი, როდესაც ამ პირთა მოთხოვნები ამორალური და არაეთიკურია. განკარგულების შესრულება ლამის მორალური ქცევის სინონიმად განიხილება. ძალმოსილი პირი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ავტორიტარიზმი, ეს არის ძალა, ბერკეტი მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სხვების მართვას შეძლებს. სხვები, ანუ დამორჩილებული მასა ამგავარ მორჩილების მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მას ასე მიაჩნია სწორად და ლეგიტიმურად, ლეგიტიმურობა კი მომდინარეობს ურთიერთობების იერარქიული ხასიათიდან.
   „ცრემლების რბოლა“
   ჩრდილოეთ კორეაში ავტორიტეტისადმი მორჩილების საილუსტრაციოდ გამოდგება ის ვითარება, რაც ხალხში შეიქმნა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში. მოსახლეობამ გლოვის მაგალითი სატელევიზო საინფორმაციო გამოშვების ტელეწამყვანისგან აიღ, რომელიც შავი ფერის ტანისამოსში ჩაცმული ეთერში ცრემლებს ძლივს იკავებდაამის შემდეგ ცრემლებმა და საყოველთაო უკონტორლო ისტერიკამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ეს არის ტიპიური გამოხატულება ბრბოს ფსიქოლოგიისა, რა დროსაც ადამიანები კოლექტიური აღგზნების მდგომარეობაში იმყოფებიან და მოქმედებენ იმპულსებისა და გრძნობების კარნახით. ეს სიტუაცია კი იწვევს სხვათა ინფიცირებას. ადამიანები უკვე ჯგუფურ ემოციას არიან აყოლილები და წინასწარვე არიან განწყობილნი გარკვეული სახის ქმედებისადმი. ბრბოდ გადაქცეული ადამიანები ვეღარ მოქმდებენ და აზროვნებენ როგორც ინდივიდები, არამედ ისინი მოქმედებენ და აზროვნებენ კოლექტიური გონმებით. ბრბოში ჩადებული ემოციის წყალობით ლიდერის რადიკალური მოწოდებები უსიტყვოდ სრულდება.
   ჩრდილოეთ კორეის საყოველთაო გლოვის შემთხვევაში ისმის შეკითხვა, რამდენად გულწრფელი იყო ხალხის მასის რეაქცია ლიდერის გარდაცვალების გამო. იყო ეს მათი პირადი ინიციატივა, თუ გამოწვეული იყო მიბაძვით, ან ზეწოლით? თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ კიმ ჩენ ირის გარდაცვალების ფაქტს მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში უმალავდნენ. ამ ამბის მაცნედ კი ის ჟურნალისტი გვევლინება, რომელმაც, როგორც უკვე ითქვა, შავებში გამოწყობილმა და ატირებულმა აუწყა მოსახლეობას ბელადის გარდაცვალების ამბავი. ერთი მხრივ, ცნობების ეს ფორმა  შეიძლება მივიჩნიოთ ხალხზე ზეგავლენად და მასში ემოციების გაღვივების წინაპირობად. გარდა ამისა, იმაში  მეტად დასარწმუნებლად, რომ  მოსახლეობის საყოველთაო გლოვა და მათი ქმედებების ისტერიული ხასიათი არ იყო მხოლოდ მათი პირადი ნება და გამოწვეული იყო რაღაც დამატებითი ფაქტორებით, გამოდგება ის შემთხვევაც, რომ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის სასამარლომ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც  დაისჯებოდა ყველა ის პიროვნება, ვინც კიმ ჩენ ირს არ დაიტირებდა. დასჯა კი გულისხმობდა საკონცენტრაციო ბანაკებში 6 თვის გატარებას. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, თუ როგორ ხორციელდებოდა მოსახლეობის ატიტუდის შეცვლა შეშინების მეშვეობით. როგორც წესი, რაც უფრო შიშისმომგვრელია მიმართვა, მით უფრო დამარწმუნებელია იგი. ამასთანავე, ის  გავლენას ახდენს არა მხოლოდ ატიტუდზე, არამედ ქცევაზეც. ამ ვარაუდით ადვილი შესაძლებელია, ერთი შეხედვით ნეიტრალური ინდივიდების ქცევა რადიკალური გლოვის მდგომარეობით შეცვლილიყო მხოლოდ იმის გამო, რომ სასჯელი აერიდებინათ თავიდან.
   კიმ ჩენ ირის გარდაცვალებას მოყოლილი ეს აგონიალური ემოცია არ იყო პირველი შემთხვევა. უფრო მეტიც, წინამორბედის, კიმ ირ სენის გარდაცვალებას უფრო მძაფრი რეაქცია დაერთო თან 1994 წელს. მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი ტრანსში ჩავარდა - მათ ეგონათ, სამყაროს არსებობა დასრულდა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი ბელადის სიკვდილის შემდეგ დედამიწამ წონა დაკარგა და რომ მის სიკვდილს კორეელები სისხლიანი ცრემლებით დასტიროდნენ. საყოველთაო ტირილის პროცესში ერთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი უგრძვნია და გლოვის ბუნებრივი სურვილი არ გასჩენია. თუმცა, მთელი მისი მომავალი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად ხმამაღლა იტირებდა. ეს კავშირში იყო არა მხოლოდ მის კარიერასთან, არამედ მთლიანად მის არებობასთან, ეს იყო მისი სიკვდილსიცოცხლის საკითხი. ახალგაზრდა სტუნდეტი იმან გაადარჩინა, რომ მან ხელოვნურად აიძულა საკუთარი თავი, ეტირა.
   ამგვარად, საყოველთაო აგონიალური გლოვის ფაქტის მიზეზების საძებნად ერთი მხრივ ბრბოს ფსიქოლოგია და ხალხის მასობრივი ქცევის თავისებურებები გამოდგება. გარდა ამისა, ზემდგომი ავტორირეტისადმი მორჩილება, მისი ნაკარნახევი გზით სვლა და მისი მხრიდან დასჯის შიში ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს საყოველთაო ქცევის განმაპირობებელ ფაქტორად. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც რთული საქმეა რეალური განცდების აღწერა, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ესაა დიდი კულტურული განსხვავების მქონე ქვეყანა. ხალხის მასა შესაძლოა გრძნობდა შიშს, აწუხებდა გაურკვეველი მომავლის შეგრძნება, აყოლილი იყო საყოველთაო ისტერიას ან უბრალოდ რეალურად განიცდიდა კიდეც გულწრფელ ტკივილს. ეს იმდენად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა თავისი არაპროგნოზირებადი მოსახლეობით, რომ ადვილი შესაძლებელია მათი რეაქციები გარკვეული ფაქტორებითაც კი ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ ეს ფაქტორები მათთვის უკვე იმდენად გაშინაგანებული გახდა, რომ თავისთავადი ღირებულებების მქონე შეიქმნა.
    „ტვინების გამორეცხვა“
   ავტორიტეტისადმი მორჩილების გამოვლინებაა ე.წ. „ტვინების გამორეცხვის“ პრეცედენტი. ესაა ვითარება, როდესაც ლიდერი მოსახლეობას სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და აწოდებს მას მხოლოდ თავისთვის სასურველი ფორმით მოწყობილ ინფორმაციას.
   ჩრდილოეთ კორეის თანამედროვე მოქალაქე დღეს მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა მუდამ საომარ მზადყოფნაშია. მა გამუდმებით ეუბნებიან, რომ ქვეყანა აშშ მხრიდან პერმანენტულად თავდასხმების მოლოდინშია და დიდი გამარჯვებები წარსულში მხოლოდ ძლიერი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ადამიანები მიიჩნევენ, რომ ყველას მათ კარგი და კეთილი მთავარსარდალი ადევნებს თვალყურს. დიდია კონტროლი საინფორმაციო საშუალებებზეც.
   90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობის შედეგად თითქმის მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კომუნისტური პარტიის ლიდერები კი მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ისინი დაისაჯნენ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ კორეელი ხალხის წინაშე ჩაიდინეს. არავინ იცოდა, თუ რა იყო ეს დანაშაული, თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც შიმშილით დაიხოცნენ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ასე იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ კორეელი ხალხის აზრით, როგორც წესი, ჩრდილოკორეელი დროზე ადრე უსამართლოდ არ კვდება.
   ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ პოსტკორეული ომის პერიოდშია ჩარჩენილი, რომელიც 1953 წელს დასრულდა. ხელისუფლებისგან გამუდმებით ისმის განგაში, რომ მათ სანაპიროებს ამერიკული ავიამზიდები მიადგნენ, ან სამხრეთ კორეელები ფხენიანზე თავდასხმას აპირებენ. მართალია, ასეთ განგაშს,  უკვე წლების განმავლობაში აქვს ადგილი, თუმცა, ძალიან იშვიათად, რომ ხელისუფლების შიშები სიმართლე აღმოჩნდეს. ეს უფრო ანტიამერიკული, ანტიიმპერიალისტური პროპაგანდაა. ჩრდილოკორეელები დღემდე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობას ერთადერთი მტერი ჰყავს - იმპერიალისტი და დამპყრობელი ამერიკა. ამ იდეოლოგიის თესვა მეორე მსოფლიო ომის მერე, კორეის ნახევარკუნძულის გაყოფის შემდეგ, კიმ რ სენმა  საკუთარი ფილოსოფიით - ჩუჩხე - დაიწყო და დღემდე გრძელდება.
   ამგვარად „ტვინების გამორეცხვის“ წყალობით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. მათთვის პრობლემას წარმოადგენს როგორც ინტერნეტთან, ისე ტელეფონთან წვდომა. ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რათა სრულ მარწუხებში ჰყავდეს მოქცეული საზოგადოება და აწვდიდეს მას მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თავისთვისაა ხელსაყრელი. ამისთვის კი ხელისუფლება აქტიურად იყენებს მედია საშუალებებს. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია გადმოსცემს მხოლოდ ფილმებს ორი ლიდერის ჰაგიოგრაფიული მოღვაწეობის შესახებ, არმიის შესახებ და არანაირ მასალას დანარჩენი მსოფლიოს გარშემო. ქვეყნის შიდა საინფორმაციო ამბებსაც მოდელირებული ხასიათი აქვს.  გარდა ამისა სრული ვაკუუმი გამოიხატება იმაშიც, რომ სტუდენტებს არანაირი ურთიერთობის საშუალება არ აქვთ სხვა ქვეყნის სტუდენტებთან, ვინაიდან სისტემა მათ ამას უკრძალავს. ამგვარად, ტელევიზია ამ ქვეყანაში წარმოადგენს მითების შემთხზველ მოწყობილობას, რომელიც მოსახლეობას მხოლოდ ლიდერების გულუხვობის შესახებ აუწყებს.
   თუმცა, პარადოქსი იმაშია, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება ამ ყოველივეს მიმართ, პირიქით, ისინი მადლობასაც კი უხდიან თავიანთ  ლიდერს იმისთვის, რომ აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. ამ მადლიერების ერთადერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას სხვა ქვეყნებთან, სხვა კულტურებთან შედარების საშუალება არ აქვს. ხელისუფლება ყველანაირ ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა მათ სხვა ცივილიზაციის გაცნობის საშუალება მოუსპოს. ეს, განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობას პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს. ხალხის შესამჩნევი რაოდენობა აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც ეუბნებიან, ქმედების შინაარსისა და სინდიდს გაუთვალისწინებლა და აკეთებს მანამ, სანამ თვლის, რომ ბრძანება ლეგიტიმური ავტორიტეტისგან მოდის. მორჩილების ლიმიტის განსაზღვრა კი ამ ვითარებაში შეუძლებელია.  საბოლოოდ კი ამ „ტვინების გამორეცხვას“ მივყავართ იქამდე, რომ არსებულ სიტუაციაში ჩრდილოკორეელი ხალხი არ თვლის, რომ ის განუვითარებელია. მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ყვავის.
        პიროვნების კულტი და კიმ ჩენ ირის ფსიქოლოგიური პორტრეტი
    ჩრდილოეთ კორეა, ესაა სახელმწიფო, სადაც, როგორც უკვე აღიწერა,  ავტორიტეტისადმი მორჩილება უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს და სადაც პიროვნების კულტი უმაღლეს დონეზეა აყვანილი.
   პიროვნების კულტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც პიროვნება (ლიდერი) იყენებს მასმედიას, პროპაგანდას და სხვა მსგავს საშუალებებს იმისთვის, რათა შეიქმნას იდეალიზირებული იმიჯი საზოგადოების თვალში პირფერობისა და ხოტბის შესხმის ხარჯზე.  პიროვნების კულტი, როგორც წესი, დამახასიათებელია დიქტატორებისთვის. მისი შექმნის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პროპაგანდა, ინფორმაციის გავრცელების ფორმა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას მიაღებინოს ესა თუ ის თვალსაზრისი საპირისპირო თვალსაზრისის გარეშე. ის უხმობს ემოციებს და არა გონებას. მისი მიზანია „სასურველი“ შეხედულებები ჩამოუყალიბოს საზოგადოებას. პროპაგანდა თავის მხრივ „ტვინების გამორეცხვის“ ეფექტური საშუალებაა. ამით იკვეთება მეტად საინტერესო მექანიზმი/ფორმულა  ჩრდილოეთ კორეის „ფენომენის“ გარშემო:
   საკუთარი პიროვნების კულტის შექმნას კიმ ჩენ ირი აქტიურად ცდილობდა. ის იყო დიქტატორი, ამოუცნობი და იდუმალი. ის საკუთარ თავს ჯერ „ძვირფას ლიდერს“ შემდეგ კი „ძვირფას მამას“ უწოდებდა. იმისთვის, რათა მოეხდინათ მისი ფსიქოლოგიური შეფასება და დაეხატათ ფსიქოლოგიური პორტრეტი, გამოიყენეს მეთოდი, რაც გულისხმობს ინფორმატორების, კერძოდ კი პიროვნების მცოდნე ადამიანების მეშვეობით თვით ამ პიროვნების შეფასებას. კიმ ჩენ ირის შემთხვევაში ინფორმატორი იყო სამხრეთ კორეელი ექსპერტი კიმ ჩენ ირის საკითხებში, რომელმაც მოახდინა დიქტატორის შეფასება პიროვნული დარღვევის გამომხატველი 14 ფორმის გარშემო. სხვადასხვა სახის გაზმოვებისა და განხილვების შედეგად დადგინდა, რომ კიმ ჩენ ირის შემთხვევაში სახეზე იყო 6 სახის პიროვნული დარღვევა. ის იყო სადისტი, პარანოიდი, ანტისოციალური, ნარცისიზმით შეპყრობილი, შიზოიდი და შიზოტიპი. აქედან ცენტრალურ მახასიათებლებად გამოიყო სადიზმი, ნარცისიზმი და პარანოიზმი.  დიქტატორისთვის დამახასიათებელი იყო ასევე მაღალი ხარისხის შიზოფრენია, რაც, როგორც წესი, გამოიხატება ან ცრუ წარმოდგენებით, ან გარე სტიმულირების არარსებობის აღქმით (ჰალუცინაცია). კიმ ჩენ ირის მიერ საკუთარი თავის აღქმა, როგორც „ძვირფასი ლიდერი“  და ასევე საკუთარი თავის გარშემო პიროვნების კულტის დამკვიდრების სურვილი სწორედ პირველ მათგანს, ცრუ (დელუზიურ) წარმოდგენებს უკავშირდება.
    კიმ ჩენ ირის ამ მახასიათებლების მიხედვით შეიძლება აიხსნას ის თავისებურებები, რაც მას მოლაპარაკებების დროს ახასიათებდა. კერძოდ, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში თავისი ნარცისული ბუნებიდან გამომდინარე სურვილს გამოთქვამდა პირისპირ მხოლოდ აშშ–ს წარმომადგენელს შეხვედროდა. ხოლო პარანოიდული ბუნებიდან გამომდინარე, ნდობა მხოლოდ მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლების მიმართ ჰქონდა. თავისი ანტისოციალური მახასიათებლებიდან გამომდინარე აიხსნება მისი ინდიფერენტული დამოკიდებულება დაწესებული სანქციების მიმართ, რაც ართულებდა მასთან მოლაპარაკებების წარმართვის პროცესს. კიმ ჩენ ირი თავს ამაყად გრძნობდა ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უკიდურეს სირთულეებში უწევდათ და უწევთ ცხოვრება.
   ქვეყანაში არსებული პიროვნების კულტის აღწერისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ისეთ, ერთი შეხედვით, ნიუანსზე, რაცაა კიმის დინასტიის ლიდერებისთვის შერქმეული წოდებები. კიმ ირ სენი იწოდებოდა, როგორც „დიადი ლიდერი“,  კიმ ჩენ ირი, როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „უზენაესი ლიდერი“, ხოლო უკანასკნელი მემკვიდრე, კიმ ჩენ ინი წოდებულია, როგორც „დიადი მემკვიდრე“. მსგავსი წოდებები კარგი საშუალებაა დიქტატორების მხრიდან იდეალიზირებული იმიჯის შესაქმნელად. მსგავსი წოდებების ქვეშ ისინი უბრალო მოსახლეობისთვის სამუდამო თაყვანისცემის ობიექტები ხდებიან და აღიქმებიან როგორც უკვდავნი. ლიდერების ამგვარი ფორმით მოხსენიება კი სწორედ მედიასაშუალებების წყალობით ხორციელდება, რაც ეფექტურად უზრუნველყოფს მოსახლეობაში დიქტატორებისადმი აღმატებული დამოკიდებულებისა და განწყობების დამკვიდრებას.
               სოციალიზაციის პრობლემა ჩრდილოეთ კორეაში
  ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის ტიპიურია ის მდგომარეობა, რასაც დესოციალიზაცია გულისხმობს. დესოციალიზაცია დამახასიათებელია ტოტალიტარული წყობისთვის, რომელშიც ცხოვრობენ  გარე სამყაროსთან მოწყვეტილი ინდივიდები და რომელთა ქცევაც სრულად კონტროლდება. ჩრდილოეთ კორეაც, ესაა ქვეყანა, სადაც უკიდურესადაა შეზღუდული მისი მოქალაქეების ავტონომია და დათრგუნულია ადამიანის ინდივიდუალობა. ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ იშვიათი ნაწილისთვის, რომელიც რეჟიმთან შეუგუებლობას გამოამჟღავნებს, თავის ხსნის ერთადერთ საშუალებას სამხრეთ კორეაში მოხვედრა წარმოადგენს. დაახლოებით 3000–მდე ჩრდილოეთ კორეელმა მოახერხა თავი დაეღწია მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული და ფარული ქვეყნისთვის და სამხრეთ კორეაში მოხვედრის შემდეგ მათ „თავი სულ სხვა პლანეტაზე იგრძნეს“. სამხრეთ კორეაში ემიგრირებული ყოველი ჩრდილოეთ კორეელი თავსდება სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებებში, რათა 21–ე საუკუნის ცხოვრებასთან შეგუება ისწავლოს. ამ ფაქტის გათვალისწინებით ადვილი შესამჩნევია, რომ მეზობელ ქვეყანაში მოხვედრით ჩრდილოეთ კორეელების რესოციალიზაციის პროცესს ეყრება საფუძველი – იწყება მათი ქცევის ძველი ფორმების ნგრევა და მთავრდება ახალი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე მათთვის უფრო მისაღები ნორმების, ღირებულებებისა და ქცევის სახეების ჩამოყალიბება.
   საბოლოო ჯამში დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ თანამედროვე სამყაროში არსებობს პარადოქსებისა და ანომალიების მინი სამყარო. ესაა ჩრდილოეთ კორეა, სახელმწიფო, სადაც დიქტატორული, კლანური მმართველობაა, უკიდურესადაა შეზღუდული ადამიანის ავტონომია და გამეფებულია პიროვნების კულტი. ესაა ქვეყანა, სადაც მმართველი ლიდერი მოსახლეობაში თაყვანისცემის ობიექტადაა ქცეული და ამის მისაღწევად აქტიურადაა გამოყენებული პროპაგანდა. „ტვინების გამორეცხვის“ მეთოდით ადამიანები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან და ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც 21–ე საუკუნის თანამედროვე ინდივიდებს შეეფერება. ამით იქმნება სოციალიზაციის პრობლემა – ისინი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეობის ხვედრის გამო ვერ იღებენ იმ უნარ–ჩვევებს, რაც თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრებას ესაჭიროება. იქ ვერ ხდება პიროვნების აღზრდა და ჩამოყალიბება 21–ე საუკუნის სტანდარტების შესაბამისად. მოსახლეობამ მხოლოდ ის იცის, რომ არსებობს ერთი სიმართლე – „ჩუჩხე“ და თაყვანისცემის ერთი ობიექტი – კიმ ირ სენი. მან არ იცის, რა სჭირდება, რა უნდა ისწავლოს, რა წაიკითხოს, რას მოუსმინოს და უყუროს. ეს ყველაფერი მხოლოდ მისმა ლიდერმა იცის და მისი კარნახით ხორციელდება. ჩრდილოკორეელებმა იციან, რომ მათ არ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, ვინაიდან მათზე მათი ლიდერი, „ჩუჩხე“ და კიმ ირ სენი ზრუნავენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კორეა დღევანდელ მსოფლიოში გვევლინება ე.წ. იზოლირებულ ტერიტორიად, დეფორმირებულ სამყაროდ, რომელიც ერთი კლანის ინტერესების მიხედვით ფუნქციონირებს და რომლის ხელშიც ჩრდილოკორეელი ერი არის ნებისმიერი მიზნისთვის გამოსაყენებლი იარაღი.
    თუმცა, ეპოქა ვითარდება, დიქტატორული მმართველობები თანდათან ირღვევა. ჩრდილოეთ კორეის სათავეში ახალგაზრდა გამოუცდელი ლიდერის მოსვლა კი შესაძლოა, ქვეყანაში  ტრანსფორმაციის წინაპირობა გახდეს. მაგრამ ტრანსფორმაციის დამაბრკოლებლად ადვილი შესაძლებელია თვით მოსახლეობა მოგვევლინოს. მისი ფსიქიკა და ცხოვრების ნირი უკვე იმგვარადაა მოწყობილი, რომ ძნელად თუ გადასხვაფერდება.

P.S. „როცა გალიას დიდი ხნის შემდეგ ხსნიან, გაფრენა უკვე აღარ შეგიძლია.“



https://www.box.com/s/0c383c67dbf589fc93a7





No comments:

Post a Comment