11/07/2011

შტრეზემანის სტრატეგია – გერმანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ


   დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი და დამარცხებულ გერმანიას ომისშემდგომი რეპერაციები დაეკისრა. თუმცა, გამარჯვებული ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დღითიდღე უფრო რწმუნდებოდნენ, რომ დამარცხებულ გერმანიაზეც სუსტები იყვნენ. საფრანგეთი მუდამ მოკავშირის ძებნაში იყო. მას სურდა, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ს მისთვის გარანტიები მიეცათ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. იგი ომმა იმდენად გამოფიტა, რომ საკუთარი საზღვრების დაცვის უნარიც კი არ გააჩნდა. საფრანგეთის პანიკური შიში გერმანიის მიმართ აიძულებდა ფრანგებს ხმამაღლა ესაუბრათ გარანტიებსა და დაზღვევაზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, ეს კი ბრიტანეთის მიერ გაგებული იყო, როგორც ჰეგემონობის სურვილი. საფრანგეთის ეკონომიკური ვარდნაც ასევე ძალზე დრამატული იყო.
  სულ სხვა პოზიციაზე იდგა დიდი ბრიტანეთი. მისთვის ომისშემდგომი გერმანია არ იყო იმდენად საფრთხისმომასწავებელი, როგორც მას საფრანგეთი აღიქვამდა. ომის შემდეგ ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო ევროპაში ძალთა წონასწორობის შექმნა და სამხედრო პარიტეტის მიღწევა. ისინი სულაც არ აღიქვამდნენ საფრანგეთს, როგორც დემორალიზებულ სახელმწიფოს. პირიქით, ისინი მას აღიქვამდნენ, როგორც ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც სჭირდებოდა დარეგულირება, ხოლო გერმანიას მიიჩნევდნენ შეურაცყოფილ ქვეყნად, რომელსაც მხარშიდგომა ესაჭიროებოდა და თვლიდნენ, რომ მას უნდა შეესრულებინა დამაბალანსებლის როლი საფრანგეთთან მიმართებაში. ბრიტანელებს მიაჩნდათ, რომ სანამ გერმანია იქნებოდა ერთიანი, ევროპაში გარკვეული დოზით მაინც იქნებოდა შენარჩუნებული ძალთა ბალანსი, ხოლო თუ გერმანია დაიშლებოდა, საფრანგეთი მოიპოვებდა სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლს. ბრიტანეტის შიში, რომ საფრანგეთი გაბატონდებოდა კონტინენტზე, იყო აბსურდული.
  ერთი შეხედვით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ვითარება, რომ ომში გამარჯვებულ ქვეყნებს საფრთხე სწორედ დამარცხებულის მხირდან ეგრძნოთ. ისმის კითხვა, თუ რატომ გაძლიერდა გეოპოლიტიკურად ომის შემდგომ გერმანია? ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მის ირგვლივ არსებული ქვეყნები. კერძოდ, მას აღმოსავლეთით ჰყავდა ისეთი მეზობლები, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ გერმანული ხალხით და მხარს უჭერდნენ კიდეც მას. გერმანიის ძლიერების აღდგენას გარკვეულწილად სწორედ გამარჯვებული ქვეყნების არასწორმა სტრატეგიამ შეუწყო ხელი. ამაში იგულისხმება ვილსონის ის 14 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ერთათვითგამორკვევის პრინციპს ეფუძნებოდა ნაწილობრივ. ამ გეგმის შემდეგ გერმანიამ ის გააკეთა ლეგალურად, რაც მანმადე არალეგალურ ქმედებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. გარდა ამისა გერმანიის გეოლოპიტიკური გაძლიერების მიზეზი იყო ერთ-ერთი პუნქტი დაკავშირებული სამხედრო პარიტეტთან. ამის მიხედვით, გერმანიას საშუალება ეძლეობა თანაბარ სამხედრო მდგომარეობაში ყოფილიყო საფრანგეთთან და ინგლისთან. 
  საფრანგეთმა, როდესაც ნახა, რომ მას მოკავშირეები არანაირ გარანტიებს არ ჰპირდებოდნენ, დამოუკიდებლად მოახდინა გერმანიის ერთ-ერთი მძლავრი სამრეწველო ცენტრის, რურის ოკუპაცია, თუმცა, ეს ფაქტი მისთვის მარცხად იქცა, ვინაიდან შეერთებულმა შტატებმაც და ბრიტანეთმაც უკმაყოფილება გამოთქვეს ამის გამო.
  როგორც უკვე აღინიშნა, გერმანიას აქვს შანსი უპირატესობა მოიპოვოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს უფრო მომავლის საკითხს განეკუთვნება, არსებულ სიტუაციაში კი გერმანიის წინაშე დგას მთავარი პრობლემა – ომის შემდგომ დაკისრებული რეპარაციები. მისი ამოცანაა რაც შეიძლება სარფიანად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დასახოს ის გზები, თუ როგორ აუაროს გვერდი ვალდებულებებს. გარდა ამისა, საჭიროა ეკონომიკური სიძლიერის აღდგენა და გამარჯვებულთა მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ მისიის შესრულება გერმანიის კანცლერ გუსტავ შტრეზემანს ეკისრება.
  ერს, რომელიც ომში მარცხდება, აქვს ორი არჩევანი: ის ბრძოლას უცხადებს გამარჯვეულებს ან იწყებს თანამშრომლობას მათთან. ეს არის ის ზოგადი ალტერნატივები, რომლებიც თავის თავში გულისხმობს ასევე რამდენიმე ქვე-ალტერნატივის არსებობას. მაშ ასე, გერმანიას შეუძლია დაუპირისპირდეს გამარჯვებულებს და ეს გააკეთოს ორი გზით: შეეკრას სსრკ-ს ან იყოს მარტო და გამარჯვების შემთხვევაში სარგებელი მხოლოდ თვითონ ნახოს. რაც შეეხება მეორე ალტერნატივას, ითანამშრომლოს გამარჯვებულებთან, ამის მიღწევაც რამდენიმე ვარიანტად მოხერხდება: პირველ რიგში მას შეუძლია ითანამშრომლოს როგორც ბრიტანეთთან, ისე საფრანგეთთან და მეორე, ითანამშრომლოს მხოლოდ ბრიტანეთთან, მისი საფრანგეთთან არსებული უთანხმოების საფუძველზე.  
  გერმანიისა და სსრკ-ს დაახლოების შანსები გამუდმებით არსებობდა იმ პირობებში, რომ გამარჯვებული ქვეყნები მათ მუდამ ყურადღების მიღმა ტოვებდნენ, როცა საქმე ეხებოდა რაიმე სახის შეთანხმებასა თუ კონფერენციას. ეს ფაქტი ქვეცნობიერად განაპირობებდა ამ ორ ქვეყანას შორის საერთო ენის გამონახვას. კულმინაციას წარმოადგენდა სწორედ 1922 წელს რაპალოში გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიმდინარეობისას ორივემ ქვეყანამ დაინახა, რომ გამარჯვებულებს შეიძლებოდა ისინი ერთმანეთვისთვის დაეპირისპირებინათ. შედეგად მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ერთმანეთთან დაამყარებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას, უარს იტყოდნენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებზე და ერთმანეთს მიანიჭებდნენ ყველაზე სასურველი ერის სტატუსს. მაგრამ გერმანიისთვის რამდენად ხელსაყრელი იყო გამარჯვებულ ქვეყნებთან დასაპირისპირებლად გამოეყენებინა სსრკ? სსრკ ამ პერიოდში არ იყო იმდენად ძლიერი, რომ გერმანიასთან კავშირით დაებალანსებინა გამარჯვებულები, თუმცა გერმანიისთვის იმის დაშვებაც კი, რომ სსრკ მას პოლიტიკურად მხარს უჭერს, შეიძლებოდა გასათვალისწინებელი ყოფილიყო.
  გერმანიის მიერ გამარჯვებულებთან მარტო შეწინააღმდეგების საშუალებად შეიძლება დასახელდეს მის მიერ ე.წ. მოჩვენებითი პოლიტიკის წარმოება, რაც გულისხმობს მოქმედებას ისე, თითქოს პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, შედეგად კი იმოქმედოს ისე, როგორც მაკიაველი ურჩევს მთავარს – შეითავსოს, როგორც ლომის, ისე მელიას თვისებები. ეს გულისხმობს, რომ მან გამარჯვებულ ქვეყნებს ვერსალის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა აიძულოს განიარაღების პოლიტიკის წარმოება და სამხედრო პარიტეტის მიღწევა. ამის პარალელურად უნდა დაჰპირდეს, რომ ამ ყველაფრის მიღწევის შემთხვევაში, ის შეასრულებს ომის შემდგომ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამ ვითარებაში კი მას შეუძლია ფარულად დაიწყოს შეიარაღება, რაშიც გამოჩნდება მისი ‘ეშმაკური’ ხასიათი და ბოლოს, როცა უკვე მიაღწევს შეარაღების სასურველ დონეს, უარი თქვას რეპარაციების გადახდაზე და თუ ამას მოჰყვება გამარჯვებულების მხრიდან წინააღმდეგობა, მას შეუძლია ფარულად დაგროვებული სიძლიერის ხარჯზე, ომი გამოუცხადოს მათ. მითუმეტეს, რომ სამხედრო პარიტეტის მომხრე ბრიტანეთი იმ ეტაპზე მთლიანად განიარაღებული იქნება, ხოლო საფრანგეთი კი ბრიტანეთისადმი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იქნება შეეგუეოს გერმანიასთან პარიტეტს და განიარაღდეს. ამ ალტერნატივის უარყოფით ფაქტორად შეიძლება დასახელდეს გამარჯვებულების მიერ შექმნილი ე.წ. სამეთვალყურეო მექანიზმები, რომლის მიზანიცაა გერმანიის ვალდებულებების შესრულების გაკონტროლება. გარდა ამისა, დამაბრლოკელებელ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ერთა ლიგის არსებობაც, რომლის წევრიც თავად გერმანია არის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა ე.წ. პაცეფიზმის იდეები; იწვნიეს რა საკმაოდ დიდი მსხვერპლი, ქვეყნები ომს გაურბოდნენ. გამარჯვებულის ცნება საფრანგეთისა და ბრიტანეთისთვის მხოლოდ ფორმალობაა, სინამდვილეში კი მათ არ აქვთ ეფექტური იძულების მექანიზმი. 
  შემდეგი ალტერნატივა ესაა თანამშრომლობა გამარჯვებულ სახელმწოფოებთან. როგორც უკვე ითქვა, დავსახეთ ორი ხერხი: თანამშრომლობა საფრანგეთთან და ბრიტანეთთან და მეორე, თანამშრომლობა მხოლოდ ბრიტანეთთან. პირველი მათგანის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს ნაციონალისტი აგიტატორების პოზიცია. კერძოდ, შტრეზემანამდე, გერმანია მუდამ წინააღმდეგობის პოლიტიკას მიჰყვებოდა. ამას შეჩვეული ნაციონალისტები მხარს არ დაუჭერენ შტრეზერმანის თანამშრომლობის პოლიტიკას. დადებით ფაქროტად შეიძლება ჩაითვალოს თანამშრომლობის შედეგად გამარჯვებულთა მხრიდან გარკვეული დათმობები. თვითონ რაპალოს კონფერენციის ჩატარების ფაქტიც მოწმობს იმას, რომ გამარჯვებული ქვეყნები მზად არიან გადახედონ გერმანიის რეპარაციების საკითხს. 
  რაც შეეხება ბრიტანეთთან დაახლოების ალბათობას, გერმანიას შეუძლია ეს ხერხი გამოიყენოს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის წყალობით. კერძოდ, საფრანგეთის მიერ რურის ოკუპაციის შემდეგ, ბრიტანეთი აშკარად განეწყო ანტიფრანგულად. ამის პარალალურად კი გერმანელების მხრიდან ისმოდა არგუმენტები ბრიტანეთთან ალიანსის სარგებლიანობის შესახებ. თავის მხრივ, ბრიტანეთსაც უნდა აწყობდეს გერმანიის დახმარება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ალბათობა იმისა, რომ გერმანია ბოლშევიზმის მხარეს გადავა. ამავე დროს, თუ ბრიტანეთი გერმანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს და არ ითანამშრომლებს სამხედრო პარიტეტთან დაკავშირებით, გერმანიას შეუძლია ისევ შეურიგებელი გახდეს. ბრიტანეთს კი ურჩევნია გვერდით მორჩილი გერმანია ჰყავდეს, მითუმეტეს, რომ ის არის ქვეყანა, რომელის ასე ემხრობა ძალთა წონასწორობის აღდგენას ევროპაში. თუმცა, პარიტეტის შემთხვევაში საფრთხე ექმნება საფრანგეთს, მაგრამ ამ ვითარებაში ბრიტანეთი უპირატესობას გერმანიასთან მშვიდობიან ურთიერთობას მიანიჭებს, საფრანგეთისთვის გარანტიცების მიცემასთან შედარებით, ვინაიდან მას არ სურს გერმანიასთან დაპირისპირება პოლონეთის ან ჩეხეთის ტერიტორიის გამო, რაც აუცილებლად მოუწევს საფრანგეთთან კავშირის შემდეგ, ვინაიდან საფრანგეთი ამ პერიოდში გამოდის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გარანტი.
  საბოლოოდ, შტრეზემანისთვის ხელსაყრელი იქნება გაატაროს ე.წ. მოჩვენებით პოლიტიკა, რომელიც მიეკუთვნება გამარჯვებულ ქვეყნებთან შეწინააღმდეგების და არა თანამშრომლობის ალტერნატივას. თუმცა, ეს მეთოდი ალბათ თავის თავში ფსევდოთანამშრომლობასაც გულისხმობს, რადგან საწყის ეტაპზე სწორედ გამარჯვებულებთან მოჩვენებით თანამშრომლობას ემყარება. თუმცა, განსხვავებით მეორე ალტერნატივისგან, სადაც საუბარია ბრიტანეთთან ან თუნდაც, საფრანგეთთან თანამშრომლობაზე, ამ შემთხვევაში ვითარების კულმინაცია იქნება გერმანიის მიერ გამარჯვებულ ქვეყნებთან დაპირისპირება, რის შედეგადაც მას შეეძლება მიიღოს დაკარგული ტერიტორიები და ამას გარდა, შემოიერთოს ახალი ტერიტორიები. ნამდვილი თანამშრომლობის შემთხვევაში, კი მას მოუწევდა გაეტარებინა ბრიტანეთისთვის სასურველი ძალთა წონასწორობის პოლიტიკა, ამის სანაცვლოდ მას შეიძლება მიეღო დაკარგული ტერიტორიები და რეპარაციების შემსუბუქება, თუმცა, ვერ  მოახერხებდა ახალი ტერიტორიების შემოერთებას. გერმანული ბუნებიდან გამომდინარე, მაშინ როცა გარშემო გერმანელი ხალხით დასახლებული ამდენი ტერიტორიაა და ეძლევა შანსი, ეს ტერიტორიები შემოიერთოს, უკეთესი ალტერნატივა შტრეზემანისთვის საწყის ეტაპზე მოჩვვენებითი თანამშრომლობის, შემდეგ კი აშკარა წინააღმდეგობის პოლიტიკის გატარებაა.

No comments:

Post a Comment