4/17/2012

სუეცის კრიზისი - ‘ცივი რბოლა’ ახლო აღმოსავლეთში



შესავალი
   ‘ცივი ომი’  – ესაა ეპოქა, როდესაც ტერმინმა ’ომი’ უპრეცედენტო დატვირთვა შეიძინა, დამკვიდრდა რა მხარეთა იმგვარი დაპირისპირების აღსაწერად, რა დროსაც სახეზე იყო არა პირდაპირი შეტაკებები მათ შორის, არამედ კონფრონტაცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გავლენის გავრცელებაში გამოიხატებოდა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ესაა ეპოქა, როდესაც მსოფლიო ორ ბანაკადაა დაყოფილი, თითოეულ მათგანს კი სათავეში აშშ და სსრკ უდგას.  მათი დაპირისპირების უმთავრეს არსს გავლენის სფეროების გაფართოება და მსოფლიოს ყველა რეგიონში უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს. რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დაქვემდებარება, პრიორიტეტული გეოპოლიტიკური პოზიციების დაკავება, შეჯიბრი შეიარაღების გაზრდაში, ბირთვული რბოლა –  ეს და სხვა დანარჩენი ერთობლივად წარმოადგენს იმას, რაც ტერმინ ‘ომის’ ქვეშ მოიაზრება.
   ცივი ომის ერთ–ერთი ‘გაჩერება’ ახლო აღმოსავლეთი იყო. სუეცის კრიზისი გახდა მორიგი ნათელი გამოვლინება იმისა, თუ რა მასშტაბებს აღწევდა პოზიციებისთვის ბრძოლა, რომ ერთი მხარის მოგება ავტომატურად ნიშნავდა მეორის წაგებას და სწორედ ეს ‘ნულოვანი შედეგის’ პრინციპი იყო სუეცის კრიზისის უმთავრესი ლაიტმოტივი.
   კრიზისის წინაპირობები
  სუეცის კრიზისის ქვეშ მოიაზრება კონფლიქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1956 წელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მისი საწყისი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდშია, როდესაც ეგვიპტეში სულ უფრო მზარდად იკიდებდა ფეხს ნაციონალიზმი. პარალელურად კი ბრიტანეთი ცდილობდა ხელახლა განემტკიცებინა თავისი პოზიციები ამ დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონში, სადაც მის სამხედრო ძლიერებას განაპირობებდა სუეცის არხზე განლაგებული სამხედრო კომპლექსი, რაც თავის მხრივ ეგვიპტესთან სულ უფრო მზარდი დაძაბულობის განმაპირობებელი იყო. 1951 წელს ეგვიპტის ახლადარჩეულმა ნაციონალისტმა ლიდერმა ნაჰაზ ფაშამ  გააუქმა ბრიტანეთ–ეგვიპტის 1936 წლის შეთანხმება რაც ევროპელებს ავალდებულებდა ეგვიპტიდან ჯარის გაყვანას, სუეცის ტერიტორიის გამოკლებით. ამას მოჰყვა ურთიერთობის დაძაბვა ორ ქვეყანას შორის. ამავე  პერიოდში შეიცვალა ეგვიპტის მმართველობა,  დამყარდა რა რესპუბლიკური წყობა,  ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჯერ მუჰამედ ნაგიბი, შემდეგ კი გამალ აბდ ელ ნასერი. ამ უკანასკნელს სამი მიზანი ჰქონდა: ეგვიპტე გაეხადა დამოუკიდებელი ბრიტანეთისგან; შეიარაღებული იერიში მიეტანა ისრაელზე და გაეუმჯობესებინა ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობა ასუანის კაშხლის მშენებლობით.
   ამის პარალელურად ეგვიპტეს, ისევე როგორ სხვა არაბულ ქვეყნებს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან, რადგან არ აწყობდა 1948–49 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი პალესტინის საზღვარი.
   მიუხედავად დაძაბულობისა, ბრიტანეთი მაინც ცდილობდა  ეგვიპტესთან ურთიერთობების გამოსწორებას. ამ მიზნით 1954 წელს მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქვეყნიდან ბრიტანული ჯარების გაყვანის თაობაზე. ამის შემდეგ ნასერმა სსრკ–გან დიდძალი სამხედრო შეიარაღების შესყიდვა დაიწყო. სწორედ ეს  გადხა ის მაპროვოცირებელი იმპულსი, რამაც სათავე დაუდო კონფლიქტის დაწყებას. ეგვიპტის შეიარაღება არ შედიოდა ბრიტანეთის ინტერესებში, ვინაიდან ეს ქვეყანა მისი იმპერიალისტური მემკვიდრეობის ნაწილი იყო.  გარდა ამისა, მის ინტერესებში იყო სუეცის არხი – ის პრინციპული არტერია, რომლის მეშვეობითაც დასავლეთ ევროპას აზიიდან მიეწოდებოდა ნავთობი. ეს იყო 160 კილომეტრიანი არხი, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის 10% მოდიოდა, რასაც ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოჰქონდა. ეგვიპტეს კი წლიურად მხოლოდ 3 მილიონი დოლარი ეძლეოდა. ეს კი, ბუნებრივია, მისი მხრიდან პროტესტის მიზეზი იყო. გარდა ამისა, სუეცის არხის სტრატეგიული მნიშვნელოვნება გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი იყო ხმელთაშუა ზღვის უმოკლესი დამაკავშირებელი ინდოეთის ოკეანესთან. ამის გათვალისწინებით, არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წარმართვისას. აქედან გამომდინარე, ეგვიპტის გამალებული შეარაღება და მოთხოვნა ბრიტანეთის მიმართ სუეცის არხიდან ჯარების გაყვანის თაობაზე ევროპულ კოლონიალიზმს ამ რეგიონში საფრთხეს უქმნიდა.
სუეცის არხი
   სუეცის არხის შექმნის იდეა ფრანგ დიპლომატ ფერდინანდ ლეპსეს ეკუთვნოდა. მან შესძლო დაერწმუნებინა ეგვიპტის იმდროინდელი მეფისნაცვალი მოჰამედ საიდი და საბოლოოდ მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიეღო. ამ პროექტის განხორციელებას კი სკეპტიკურად უყურებდა ბრიტანული მხარე, ვინაიდან მისთვის მიუღებელი იყო რეგიონში ფრანგული გავლენის  ზრდა და გარდა ამისა, იგი შიშობდა არ შესუსტებულიყო მისი ინდოეთზე ბატონობა. საბოლოოდ, 1869 წელს სუეცის არხი ექსპლუატაციაში შევიდა. ეგვიპტე იძულებული გახდა მშენებლობისთვის აღებული საგარეო ვალების გამო საკუთარი წილი ბრიტანეთისთვის მიეყიდა, რომლისთვისაც ეს მომგებიანი იყო, ვინაიდან ინდოეთთან დასაკავშირებელი გზა საგრძნობლად უმცირდებოდა.
   სუეცის დიპლომატია
   ბრიტანეთი თავის საყრდენად ყოველთვის მოიზარებდა ამერიკას. სუეცის კრიზისის პერიოდში ის თავის დასავლეთელ პარტნიორს საფრანგეთთან ერთად ეგვიპტის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან აღესრულებინა თავისი მისია – აღედგინა გავლენა ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე თავისი იმპერიალისტური წარსულიდან გამომდინარე. ამერიკა კი კონკრეტული ქმედებებისგან თავს იკავებდა. მისთვის იზოლაციონიზმის პოლიტიკა უჩვეულო არ იყო. ამ შემთხვევაშიც ის ერიდებოდა კოლონიალიზმის მხარდამხარ ბრძოლას, დემოკრატიულობის რიტორიკიდან გამომდინარე, ეფუძნებოდა რა კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამერიკის პრეზიდენტი ამ პერიოდში ეიზენჰაუერი იყო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის სამხედრო ქმედებებს ეგვიპტის მიმართ. თუმცა, საბოლოო ჯამში მას მაინც მოუხდა კონფლიქტში ჩართვა შეკავების პოლიტიკიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს იყო ცივი ომი, ეს იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის პოზიციებისთვის რბოლა, ხოლო ახლო აღმოსავლეთი იყო ის რეგიონი, სადაც გავლენის მოპოვება ამერიკისთვის ასევე სტრატეგიული ხასიათის იყო. თუმცა, ამ ჩართვას არ ჰქონდა სამხედრო დატვირთვა და ის ძირითადად, დიპლომატიურ ხასიათს ატარებდა.
   კონფლიქტის მიმდინარეობისას  ეგვიპტე ორი დაპირისპირებული ბანაკის ინტერესის სფეროდ მოგვევლინა. ორივე მათგანი ცდილობდა მის გადაბირებასა და დახმარებას, იქნებოდა ეს სამხედრო, რასაც აკეთებდა სსრკ, თუ ფინანსური, რაც ამერიკამ აღუთქვა, როდესაც ასუანის კაშხლის პროექტის დაფინანსებას დაჰპირდა. ასუანის კაშხალის მშენებლობას ეგვიპტისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,  ვინაიდან მისი მეშვეობით ის მოახერხებდა ნილოსიდან მოზღვავებული წყლის შეჩერებას, შესძლებდა ელექტროენერგიის წარმოებასა და ირიგაციას.
   მთელი ამ პოლიტიკის განმავლობაში  შეინიშნება, რომ ეგვიპტე ცალსახად არცერთი მხარისკენ იხრება –  არ ამბობს უარს არც ამერიკულ დახმარებაზე, მაგრამ ამავე დროს სსრკ–ს სასარგებლოდ აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ეს უკანასკნელი გახდა ამერიკისთვის იმის მიზეზი, რომ უარი ეთქვა ასუანის კაშხლის დაფინანსებაზე. ამ უარს დაუყოვნებლივ მოჰყვა საპასუხო ქმედება ეგვიპტის მხრიდან – მან მოახდინა სუეცის არხის ნაციონალიზაცია. ამ ქმედებით ნასერმა ეგვიპტელებისა და მთელი არაბული სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია, ვინაიდან მისი სახით ყოფილ კოლონიებს იმპერიალისტებისგან განმათავისუფლებელი ლიდერი მოევლინათ. ნასერის ამ ნაბიჯმა მოწონება დაიმსახურა სსრკ–შიც, ვინაიდან ამ უკანასკნელს ახლო აღმოსავლეთში გავლენის გასაძლიერებლად უნიკალური შანსი გაუჩნდა. შედეგად ის ეგვიპტეს ასუანის კაშხლის მშენებლობას აღუთქვამს. 
   ასუანის კაშხლის მშენებლობის პროექტის დაფინანსების დადებითი მხარე ის იყო, რომ  დამფინანსებელ ქვეყანას საშუალება ეძლეოდა ეგვიპტე თავისზე დამოკიდებული გაეხადა და მოეხდინა მისი ფინანსური კონტროლი. ამის გათვალისინებით კი სსრკ–მ მორიგი მომგებიანი ნაბიჯი გადადგა.
   კონფლიქტთან მიმართებაში საკუთარი ინტერესები ჰქონდა საფრანგეთსაც, კერძოდ, მაროკო და ალჟირი, მისი ყოფილი კოლონიები, დამოუკიდებლობის ძიებაში მყოფნი, ნასერის პოლიტიკურ მხარდაჭერას განიცდნინენ, რაც, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ნასერის რეჟიმის გაძლიერება მისთვის მიუღებელი იყო. შედეგად საფრანგეთი ბრიტანეთთან ერთად მზად იყო შეიარაღებული იერიში მიეტანა ეგვიპტეზე.
   ამერიკის სიფრთხილის პოლიტიკა კვლავ გრძელდებოდა. იგი მხარს არ უჭერდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის იდეას სამხედრო გზით გადაწყვეტილიყო პრობლემა და ცდილობდა საკითხს ლეგალური კუთხით მიდგომოდა. ამ მიზნით 1956 წელს ლონდონში ორჯერ  გაიმართა საზღვაო კონფერენცია, რომლის არსიც ნასერზე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებით (კონსტანტინოპოლის 1888 წლის კონვენცია სუეცის არხით სარგებლობის შესახებ) ზეგავლენის მოხდენაში მდგომარეობდა. კონფერენციაზე შემუშავდა გეგმა არხის კონტროლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მისი ადმინისტრირება ეგვიპტესთან ერთად კონფერენციის მონაწილე ქვეყნებსაც უნდა მოეხდინათ. ამას მოჰყვა ნასერის უარი შემოთავაზების მიღებაზე და უკვე აშკარა გახდა, რომ ამერიკის მორალისტური რიტორიკა ნასერთან მიმართებაში შედეგის არმომტანი იყო.
   პარადოქსული იყო ამერიკის პოზიცია ცივი ომის ამ აქტიური ფაზაში. ეს პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მას სსრკ–დან მომდინარე საფრთხეზე მეტად კოლონიალიზმის საკითხი ადარდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ევროპელები ამერიკას არწმუნებდნენ, რომ ამ კონფლიქტში საქმე ეხებოდა არა იმდენად ნასერს, რამდენადაც სსრკ–ს. ნასერი ეფექტური იყო სწორედ ამ უკანასკნელის ხელში, ხოლო ნასერის ინტერესების გამარჯვება აღქმული იქნებოდა, როგორ სსრკ–ს სტრატეგიული დაწინაურება. მიუხედავად ამგვარი შეხედულების არსებობისა, ამერიკის პოზიცია ეგვიპტის მიმართ მაინც ლეგიტიმაციაზე დაფუძნებულ რიტორიკას ემყარებოდა, რის მიხედვითაც ბრიტანეთ–საფრანგეთის ტანდემის ხელშეწყობა ავტომატურად კოლონიალიზმის მხარდაჭერად იქნებოდა აღქმული. კოლონიალიზმი კი მისთვის, როგორ დემოკრატიული იმიჯის მატარებელი ქვეყნისთვის, ზნეობრივად უცხო იყო. ამერიკისთვის ხალხისა და პიროვნების თავისუფლება უმაღლეს ფასეულობას წარმოდგენდა, რისთვისაც პატივი უნდა ეცა როგორც მის მოწინააღმდეგეს, ისე მოკავშირესაც.
   კრიზისის ყველაზე დრამატული ეტაპი დადგა მაშინ, როდესაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დამოუკიდებლად, ამერიკის დახმარების გარეშე მოქმედება გადაწყვიტა და სამხედრო ოპერაციის მზადებას შეუდგა, რაც მიმართული იყო სუეცის არხის დასაბრუნებლად და ნასერის ჩამოსაცილებლად. შემუშავებული გეგმის მიხედვით, ოპერაციაში მთავარი როლი ისრაელს უნდა შეესრულებინა. მას უნდა წამოეწყო ომი ეგვიპტესთან, დაემარცხებინა ის და დაეკავებინა არხი. ამის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი დაპირისპირებულ მხარეებს ულტიმატუმის სახით სუეცის არხიდან ჯარების გაყვანას მოსთხოვდნენ, რომელსაც შემდეგ მათი სამშვიდობო ჯარები დაიკავებდნენ.
   გეგმის შესაბამისად ისრაელმა ეგვიპტეზე შეტევა დაიწყო და სტრატეგიული ტერიტორიების დაკავებაც მოახერხა. თუმცა, მას ჯერ სუეცის არხი არ ჰქონდა დაკავებული, როდესაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაპირისპირებულ მხარეებს არხიდან მათი ჯარების 10  მილის მანძილზე გაყვანა მოსთხოვა. ეგვიპტემ კი, ბუნებრივია, უარი განაცხადა ამ ულტიმატუმზე. ამის პარალელურად სუეცის ზონაში ევროპელი მოკავშირეების დივიზიის გადასხმა მიმდინარეობდა.
   ევროპელების ამ ნაბიჯმა ამერიკის მწვავე რეაქცია გამოიწვია. 1956 წლის ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ისრაელს ჯარების გაყვანას ავალდებულებდა. ამერიკამ ეს ოპერაცია შეცდომად აღიარა და კვლავ დააფიქსირა თავისი პოზიცია უთანხმოების შეიარაღებული თავდასხმის გზით მოგვარების უსარგებლობასთან დაკავშირებით. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით კონფლიქტურ ტერიტორიაზე გაეროს სამშვიდობო ჯარი შეიყვანეს.
   მორიგი პარადოქსი, რაც ამერიკასთან მიმართებაში დაფიქსირდა იყო ის, რომ ევროპული მოკავშირეების წინააღმდეგ ის სსრკ–სთან ერთად გამოვიდა. მაშინ, როცა ისინი ცივი ომის თამაშის წესებიდან გამომდინარე ერთმანეთის პირისპირ უნდა მდგარიყვნენ ნებისმიერ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი სუეცის არხი ამ მხრივ, გარკვეულწილად, გამონაკლისი აღმოჩნდა. ამერიკისთვის, ისევე როგორც სსრკ–სთვის მიუღებელი იყო ეგვიპტეზე განხორციელებული ძალადოვრივი აქტი.
   სუეცის კრიზისი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი აღმოჩნდა. შედეგად მათ დაკარგეს ზესახელმწიფოს სტატუსი. მიუხედავად ამერიკის ‘ღალატისა’ ინგლისმა მაინც მას დაუკავშირა შემდგომ წლებში თავის უსაფრთხოება. ამის საპირისპიროდ კი საფრანგეთი დამოუკიდებლად ეცადა საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასა და საგარეო პოლიტიკის წარმოებას.
   ცივი ომის გადმოსახედიდან სუეცის კრიზისის შედეგად სტრატეგიული წინსვლა სსრკ–მ მოიპოვა. საბჭოეთის კმაყოფილებას იწვევდა ის ფაქტი, რომ კრიზისის პერიოდში ნატოს რიგებში წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება მოხდა, რაც მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, სსრკ–მ ფეხი მოიკიდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ეგვიპტის სახით ძლიერი მოკავშირეც შეიძინა. ეს უკანასკნელიც, საბოლოოდ, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ვინაიდან სრულად დაეპატრონა სუეცის არხს და სსრკ–სგან ასუანის კაშხლის დაფინანსება მიიღო.
   ამერიკის არჩევანი
   ვინაიდან სუეცის კრიზისი ცივი ომის შემადგენელ ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემთხვევას წარმოადგენს, საინტერესოა მისი შედეგების შეჯამება სწორედ ცივი ომის თამაშის წესებიდან გამომდინარე. როგორც უკვე აღინიშნა, კონფლიქტის შედეგად რეგიონში სსრკ–მ ამერიკაზე უპირატესი პოზიცია მოიპოვა და შედეგად, ეს მისი სტრატეგიული წინსვლის განმაპირობებელი გახდა. კრიზისის ანალიტიკური განხილვისას უმნიშვნელოვანესი ხდება ამერიკის მიერ გადაგმული ნაბიჯების განსჯა – მისი გადაწყვეტილებების შეფასება და გარკვეული სცენარების შემუშავება საიმისოდ, რომ სწორედ მას მოეპოვებინა უპირატესობა რეგიონში. (სცენარები ამერიკასთან მიმართებაში დგება იმიტომ, რომ ის გვევლინება კრიზისის შედეგად ე.წ. ‘დამარცხებულ’ მხარედ სსრკ–ამერიკულ რბოლაში)
   ამერიკის წინაშე იკვეთება დილემა – უნდა ჩარეულიყო თუ არა ის კრიზისში სამხედრო კუთხით და უზრუნველეყო მისი მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით, თუ განეხორციელებინა მხოლოდ დიპლომატიური მისია და გაემყარებინა ის მორალზე დაფუძნებული რიტორიკით? ის დილემის წინაშე დგას ერთი მხრივ იმიტომ, რომ ამერიკას სურს საკუთარი თავი აჩვენოს, როგორც მშვიდობისმყოფელი, შეიარაღებული ინტერვენცია კი დემოკრატიული სამყაროს მის წინააღმდეგ ამხედრებას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, მან დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში სსრკ მოიპოვებს უპირატესობას, რაც ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს.
პრობლემის მოგვარების რამდენიმე ალტერნატივის მოძიება შეიძლება;
1.         ამერიკას შეუძლია დაეხმაროს ბრიტანეთსა და საფრანგეთს და მათთან ერთად განახორციელოს სამხედრო ინტერვენცია.
2.         კრიზისის მოგვარებას შეუდგეს ბაღდადის პაქტის მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად.
3.         შეუთანხმდეს ეგვიპტეს – კრიზისი მოაგვაროს მშვიდობიანად, შედეგად მოუწევს მასთან გარკვეულ დათმობებზე წასვლა
4.         სსრკ-სთან ერთად უზრუნველყოს კრიზისის დარეგულირება.
   რაც შეეხება ბრიტანეთთან და საფრანგეთთან  ერთობლივ სამხედრო მოქმედებას; თუ ამერიკა მათ მხარს დაუჭერს და დაეხმარება ნასერის გადაყენებაში, შედეგად ბრიტანეთი გახდება რეგიონში ლიდერი, რადგან მას აქვს იმპერიალისტური ზრახვები თავისი კოლონიალისტური ბუნებიდან გამომდინარე. ეს კი, თავის მხრივ, არ ეთანხმება ამერიკის ინტერესებს. გარდა ამისა, ამერიკას, რომელსაც სურს გავლენის სფეროების შეძენა, იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ე.წ. ახალი ქვეყნები, თუ ნახავენ, რომ მისი პოზიცია კოლონიალიზმთან დაკავშირებით განსხვავდება ევროპელებისგან. ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა კი ძალაუნებურად გულისხმობს კოლონიალიზმის მხარში დგომას. ამის მიუხედავად, ამერიკის სამხედრო ჩართვა კრიზისში გამართლებული შეიძლება იყოს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, ნატოს წევრ ორ ქვეყანას დახმარების გარეშე საფრთხე მიადგებოდა.
   შემდეგ ალტერნატივას წარმოადგენს კრიზისის მოგვარება ბაღდადის პაქტის მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად. ეს სახელმწიფოებია თურქეთი, ერაყი, სირია, პაკისტანი და ირანი. ბარდადის პაქტი წარმოადგენდა ერთგვარ ამერიკულ პროექტს, რომელიც განიხილებოდა ნატოს ანალოგად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მისი ფუნქცია კი სსრკ–ს შეკავება იყო მის სამხრეთ საზღვრებთან. იმისთვის, რომ განხორციელდეს ერთობილივი მოქმედება, საჭიროა, მოკავშირე ქვეყნებს ჰქონდეთ საერთო მიზანი, ინტერესები და ჰყავდეთ საერთო მტერი. ამ სახელმწიფოების შემთხვევაში ამის მიღწევა საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან მათ შორის მტრობის ხარისხი უფრო მეტია, ვიდრე მათი შიში სსრკ-ს მიმართ. პაკისტანი უფრო მეტ საფრთხეს ინდოეთიდან ხედავს, ვიდრე სსრკ-დან, ხოლო ირანის უმთავრესი მიზანია არაბი ნაციონალისტების მოგერიება. ამ ალტერნატივის დადებითი მხარე ის იქნებოდა, რომ თავს არ გამოიჩენდა ზემონახსენები პრობლემა, რაც ბრიტანეთის რეგიონში იმპერიალისტურ ზრახვებს ეხება.
    ეგვიპტესთან შეთანხმება შედარებით ლოგიკური ნაბიჯი იქნება იმ პირობებში, როცა ამერიკისთვის ანგარიშგასაწევია არაბი ნაციონალისტების პოზიცია. ნასერი მათში საკმაოდ პოპულარული ლიდერია, ამიტომ მან არ უნდა შეუწყოს ხელი მისი გადაყენების იდეას, რადგან ამით გამოიწვევს არაბი ნაციონალისტების პროტესტს, შედეგად გაუჭირდება რეგიონში ფეხის მოკიდება, ვინაიდან არაბი ნაციონალისტები მისთვის ერთ-ერთი დასაყრდენია. თუმცა, ეგვიპტესთან შეთანხმებით მას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. იძულებული იქნება თვალი დახუჭოს ეგვიპტის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარების ფაქტზე,  განუახლოს მას ასუანის პროექტის მშენებლობის დაფინანსება და სანაცვლოდ სუეცის არხზე თავისუფალი გასასვლელის გაკეთება მოითხოვოს.
   და ბოლოს, ყველაზე ნაკლებგანხორციელებადი ალტერნატივაა სსრკ-სთან შეთანხმებულად მოქმედება. ამერიკას საშუალება მიეცემა თავისუფლად მართოს ბრიტანეთი და საფრანგეთი, თუ მოახდენს მათ დაშინებას სსრკ-ს თავდასხმით. თუმცა, ევროპელებზე თავდასხმა საფრთხე იქნება მისთვისაც, ვინაიდან სსრკ ამ პერიოდისთვის სიძლიერის მეორე პოლუსს წარმოადგენს მსოფლიოში.
    საბოლოოდ, ეიზენჰაუერისთვის სუეცის კრიზისის პირობებში რაციონალურ ალტერნატივად ეგვიპტესთან შეთანხმების ამორჩევა შეიძლება. პრეზიდენტის ინტერესებში შედის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარება და არა სამხედრო ძალის გამოყენება, რადგან ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და სამხედრო ინტერვენციის წარმოება მის პრესტიჟზე შიდა წრეებში უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ამერიკა ისევ დააფინანსებს ასუანის კაშხლის პროექტს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა მისთვის, ამ დაფინანსებით ეგვიპტეს თავისზე დამოკიდებულს გახდის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტს ის არ დააფინანსებს, მაშინ ეგვიპტეს სსრკ აღმოუჩენს დახმარებას, შედეგად ის რეგიონში უფრო საფუძვლიანად დამკვიდრდება, რაც ამერიკისთვის არ იქნება მისაღები. პროექტის დაფინანსება დაეხმარება მას პოლიტიკურ ვაჭრობაშიც კი ვითარება თავის სასიკეთოდ წარმართოს, კერძოდ, შეუძლია ეგვიპტეს მოსთხოვოს ისრაელთან კონფლიქტის დარეგულირება სუეცის არხის განთავისუფლებასთან ერთად. ისმის კითხვა, დათანხმდება თუ არა ეგვიპტე მსგავს შემოთავაზებას? შეიძლება ითქვას, რომ ნასერისთვის მთავარი მტერი სწორედ ევროპელი კოლონიალისტები არიან. ეგვიპტე სხვა კოლონიურ სახელმწიფოებსაც ეხმარება განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამერიკას შეუძლია მას აღუთქვას ევროპელების კოლონიალისტური ზრახვების შეწყვეტა და ეს მოახერხოს შემდეგნაირად: ბრიტანეთი და საფრანგეთი აიძულოს მოახდინონ დეკოლონიალიზაცია ერთა თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მას გააჩნია საკმარისი ბერკეტი, თუნდაც, ნატოს ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ზეგავლენა მოახდინოს ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებებზე. შედეგად ეგვიპტე მოიპოვებს სრულ დამოუკიდებლობას, სუეცის არხზე კი აღდგება თავისუფალი მიმოსვლა.
სუეცის კრიზისის ტექნიკური აღწერა
   სახეზეა კონფლიქტი, რომელიც მასში ჩართული მხარეების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გლობალურ დონეზე ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა აშშ და სსრკ, ხოლო ლოკალურ, რეგიონალურ დონეზე კონფლიქტს ასიმეტრიული ხასიათი ჰქონდა – ეგვიპტის წინააღმდეგ ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი ერთიანდებოდნენ.
   ერთმანეთისგან უნდა განირჩეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი და კონფლიქტის წყარო. კონფლიქტის მიზეზი, ანუ ის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი, რამაც დასაბამი მისცა დაპირისპირებას, იყო ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაცია. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეიარაღებული ინტერვენციისკენ. თუმცა, ცალკე დატვირთვის მატარებელია კონფლიქტის წყარო, ის უმთავრესი  გლობალური მიზეზი, რამაც ზოგადად კონფლიქტური გარემო შექმნა. ეს კი იყო ცივი ომი, ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი მსოფლიო და პოზიციებისთვის ბრძოლა ნებისმიერ რეგიონში. სუეცის კრიზისის შემთხვევაშიც მოსალოდნელი იყო, რომ აშშ და სსრკ მხარეებს დაინაწილებდნენ – პირველის შემთხვევაში მოკავშირე იქნებოდა ეგვიპტე, მეორის შემთხვევაში კი ევროპული ალიანსი. თუმცა მოვლენები, როგორც უკვე გადმოიცა, სულ სხვა კუთხით წარიმართა. სსრკ და ამერიკა ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ევროპული სახელმწიფოების წიმააღმდეგ.
   კონფლიქტს თავისი ფაზებიც გააჩნდა. კერძოდ, საწყის ეტაპზე დაძაბულობა ვლინდებოდა ეგვიპტე–ბრიტანეთის დაპირისპირების სახით სუეცის არხის მფლობელობა/განკარგვასთან დაკავშირებით. შემდგომ ამისა, ის გამოიხატებოდა ამერიკის და ასევე ბრიტანეთის დამოკიდებულებაში სსრკს მიერ ეგვიპტისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტზე და ამასთან ეგვიპტის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარებაზე. ამას მოჰყვა ეგვიპტის უკმაყოფილება კაშხლის დაფინანსებაზე ამერიკის უარის შედეგად.  ესკალაციის სპირალის ერთ–ერთ უმთავრეს რგოლს კი წარმოადგენდა  ნასერის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაცია. საბოლოოდ, ესკალაციამ მწვავე ხასიათი მიიღო მაშინ, როდესაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ამერიკისგან დამოუკიდებლად ეგვიპტეზე ისრაელის დახმარებით იერიშის მიტანა გადაწყვიტეს და დასახეს სუეცის არხის განთავისუფლებისა და მასზე საკუთარი სამშვიდობო ჯარის განლაგების გეგმა.
   კონფლიქტის საბოლოო ეტაპი იყო დეესკლაცია, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ ამერიკის აქტიური მონაწილეობით მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც ევროპელ მოკავშირეებს და მასთან ერთად ისრაელს ჯარი უნდა გაეყვანა სუეცის არხიდან.
   საბოლოო ჯამში კონფლიქტის გადაწყვეტა მოხდა იმით, რომ არხს კვლავ ეგვიპტე დაეპატრონა და ბრინატეთსა და საფრანგეთს მის ფლობაზე პრეტენზიის გამოთქმის რესურსი აღარ ჰქონდათ. თუმცა, გლობალური მასშტაბით ცივი ომიდან გამომდინარე კონფლიქტის გადაჭრას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სუეცის კრიზისის შემდეგ ცივმა ომმა უფრო მეტად ცივი ხასიათი მიიღო და მხარეებს შორის კონფრონტაციები სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო მზარდად იკიდებდა ფეხს.
დასკვნა
   საერთშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში პოლიტიკისა და ეკონომიკის მჭიდრო ურთერთკავშირის შესახებ მთელი რიგი თეორილი მიდგომა არსებობს, რომლის მიხედვითაც ერთის არსებობა მეორის გარეშე ქმნის შეუვსებლობის განცდას, რომლის დროსაც სამყარო არსებობს მარტივი ფორმით.  რეალურ სამყაროში ხდება ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების მნიშვნელოვანი თანხვედრა. ეკონომიკური მიზნები, წყაროები და ინსტრუმენტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებების დროს. გარკვეულწილად ეკონომიკა არის მოქმედების გზა, ხოლო პოლიტიკა არის მოქმედების ადგილიპოლიტიკა და ეკონომიკა მსოფლიო სისტემაში ერთმანეთშია ჩაქსოვილი.
   ამ თეორიული ექსკურსის შედეგის მორგება სუეცის კრიზის მაგალითზე ადვილად შეიძლება. აღნიშნული კონფლიქტი ერთი შეხედვით ჩანს, რომ დაიწყო წმინდა მერკანტილური მოტივებით – დაპატრონებოდნენ სუეცის არხის მართვის სადავეებს მისგან ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თუმცა, ამის ქვეშ აშკარად შესამჩნევია ის პოლიტიკური სარჩული, რაც ევროპული ალიანსის მხრიდან იმპერიალისტურ ზრახვებში ვლინდებოდა, ხოლო ამერიკის შემთხვევაში, ერთი მხრივ, დემოკრატიული ფასეულობებისა და სამართლიანობის გამავრცელებლის სტატუსის დამკვიდრებაში, მეორე მხრივ კი ცივი ომიდან გამომდინარე პოზიციური ბრძოლაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მასშტაბით.


No comments:

Post a Comment