10/09/2012

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები - ნეიტრალური ადგილი დიალოგისთვის


სამოქალაქო ჩართულობა ნიშნავს მუშაობას სამოქალაქო ცხოვრებაში ცვლილებებისა და  მრავალფეროვნების დასამკვიდრებლად. საამისოდ ის უზრუნველყოფს ცოდნის, უნარების, ფასეულობებისა და მოტივაციის კომბინირებულ ფუნქციონირებას. სამოქალაქო ჩართულობა განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხს პოლიტიკური და აპოლიტიკური პროცესების პირობებში.
                           თომას ერლიხი, კარნეგის ცენტრი.

 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტია, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით 10 ცენტრის არსებობას, რომელთა მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა. უფრო კონკრეტულად კი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს უფასოდ სთავაზობს სივრცეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გასამართად.
   2011 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დემოკრატიული ჩართულობის 10 ცენტრი  გაიხსნა საქართველოს შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, საგარეჯო, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი და ქუთაისი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 10 მუნიციპალიტეტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, რეგიონული მედიის წარმომადგენლობასა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით შეარჩია. ახლუკვე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელიდისკუსიებისა და თემატური შეხვედრების მოწყობა და აზრთა გაცვლა სხვადასხვა საკითხზე, სადაც დისკუსიების  ინიციატორებსა და მონაწილეებს შეუძლიათ არსებული ადგილობრივი პრობლემები წინა პლანზე წამოსწიონ და მეტად ჩაერთონ სათემო საკითხების გადაწყვეტასა და მუნიციპალური მმართველობის პროცესებში.
   ცენტრები ნეიტრალური და მიუკერძოებელია. საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებ, პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დისკუსიების, შეხვედრების და სხვა ღონისძიებებისთვის უფასოდ გამოიყენონ 80 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, მცირე შეხვედრების ოთახი, ბიბლიოთეკა  და უკაბელო ინტერნეტი, ასევე, აუდიო–ვიზუალური მოწყობილობები და საოფისე ტექნიკა. თითოეულ ცენტრს ჰყავს ორი თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრის მუშაობას წინასწარ დადგენილი წესების თანახმად. ისინი კოორდინირებას უწევენ შეხვედრებსა და დისკუსიებს და ამავე დროს მომხმარებლებს ეხმარებიან საინტერესო ინფორმაციისა და კონტაქტების მოძიებაში.
   ცენტრის გამოყენება რეგულირდება სარგებლობის წესებით,  რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობასა და ბალანსს მხარეებს შორის. დაინტერესებულ პირს შეუძლია ცენტრი დაჯავშნოს ვებ-გვერდის საშუალებით ან პირადად დაუკავშირდეს ცენტრის თანამშრომლებს.
   ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დაესწროს ღია შეხვედრას მისთვის საინტერესო თემაზე ან თავად გახდეს შეხვედრის ინიციატორი. სპეციალური კალენდარი  საშუალებას გაძლევთ თავად შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიება და მონაწილეობა მიიღოთ მასში. 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ცენტრებში გამართულ დისკუსიებს  43.800–ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. 
   ამგვარად, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ ძირითად ინფორმაციას უკვე გავეცანით. თუმცა, საინტერესოა უკეთ გავიგოთ ცენტრების მნიშვნელოვნება და ფუნქციები.
   იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ხშირია საუბრები საქართველოში სამოქალაქო სექტორის სისუსტის შესახებ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯია ამ სეგმენტის მხარდასაჭერად და ქვეყანაში მისი როლის გასაძლიერებლად. საზოგადოებას აწუხებს უამრავი საკითხი, ჩნდება ბევრი აქტუალური შეკითხვა, დგას მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა გადაჭრა თუ არა, განხილვა მაინც უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების წიაღში. ამისთვის კი სასურველია იყოს ნეიტრალური სივრცე, რომელიც ერთდროულად ყველას, მაგრამ ცალკე აღებული არავის ეკუთვნის. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტი სწორედ ამ მისიას ემსახურება – გაჩნდა ტრიბუნა, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს და მაგიდა, რომლის გარშემოც მხარეები თანაბარ პირობებში არიან.
   მნიშვნელოვანია ცენტრების მხოლოდ რეგიონებში გახსნის პრეცედენტი – თბილისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი არ არის. ეს არის, ერთი მხრივ, ცენტრალიზაციის პრობლემის  გადაჭრის მცდელობა, როდესაც პროცესებიდან ფაქტიურად ითიშება პერიფერია და ძირითადი სამოქალაქო აქტივობა „განვითარებულ“ ქალაქებში ხორციელდება. საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქში არსებული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მთელს ქვეყანაში ქმნის სამოქალაქო აქტივიზმის წინაპირობას. მეორე მხრივ, ეს ცენტრები რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს დაიმკვიდროს აქტიური მოქალაქის სტატუსი, უჩენს მას ანგარიშვალდებულების განცდას და ავითარებს დიალოგის კულტურას.
   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის როლი შეიძლება განვიხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების გადმოსახედიდანაც. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, თავისი არსით, არის მხარე ან პროცესის მონაწილე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი შეიძლება მივიჩნიოთ, ნეიტრალურ მოედნად, რომელიც მხარედ საზოგადოებრივ ურთიერთობებში არ გამოდის. მეორე მხრივ, ცენტრები ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ნეიტრალურ სივრცეში წარმართოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან – უპასუხოს კრიტიკულ შეკითხვებს, მიაწოდოს ინფორმაცია და გაიგოს საზოგადოების მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.
   ამას გარდა, ცენტრი ეფექტური საშუალებაა პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატების გასამართად იმ პირობებში, როდესაც ტელეკომპანიები დებატებს ნაკლებად უთმობენ დროს.
   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხნის ტრადიციას წარმოადგენს. აშშ-ში ამგვარი ცენტრები სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს. მისი დანიშნულებაა სტუდენტების ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად. მისი მეშვეობით სტუდენტებს აკადემიური და კარიერული განვითარების საშუალება ეძლევათ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი თავის თავზე იღებს ვალდებულებას მათში სამოქალაქო აქტივიზმი და სოციალური პასუხისმგებლობა განავითაროს. გარდა ამისა, ის კოორდინაციას უწევს ურთიერთობას სასწავლო დაწესებულების პერსონალსა და სტუდენტებს შორის. ამგვარი ცენტრების მიზანია მიაღწიოს სტუდენტებში აკადემიურ, პერსონალურ და პროფესიულ წინსვლას სამოქალაქო ჩართულობის გზით იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს შემდგომში აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს, ფაკულტეტებსა და მომუშავე პერსონალს სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში ჩართვის საშუალებასაც აძლევს, რა დროსაც ხდება მათი გლობალური აქტივიზმის წახალისება.
   როგორც ჩანს, ორი ქვეყნის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ფორმით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა, მათი დანიშნულება აშკარად მსგავსია და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და საზოგადოებრივი აქტივიზმის განვითარებას ემსახურება. 

No comments:

Post a Comment