შესახებ


მოგესალმებით,
მე დეა ჯიქია ვარ.

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტში, ამავე ფაკულტეტზე გავიარე სამაგისტრო კურსი ,,კონფლიქტის ანალიზი და მართვა.’’

მიყვარს წერა.. წერისას კი ანალიზი, კრიტიკა, შეფასება. 
იცოდნენ რა ამის შესახებ ჩემმა გარშემომყოფებმა, ყოველთვის მეკითხებოდნენ, თუ სად შეეძლოთ მათ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გასცნობოდნენ. თავიდან თავს ვიკავებდი მქონოდა ბლოგი. არც ის მინდოდა, მრქმეოდა ბლოგერი. თუმცა, საბოლოოდ გადავწყვიტე, აღმედგინა ჩემი მივიწყებული ’ბლოგსპოტი’ და თავი მომეყარა ყველა იმ ნაშრომისთვის, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. ამასთან, თავისუფალ დროს მესაზრდოებინა ჩემი ენთუზიაზმი და აქტუალურ მოვლენებზე მეწერა საკუთარი ანალიზი/მიმოხილვა/კვლევა.

ამასობაში, ინტერესმა ბლოგის განახლების თაობაზე დროთა განმავლობაში იმატა. დამებადა სხვადასხვა იდეა და გამიჩნდა სურვილი, უფრო მრავალფეროვანი გამეხადა ის. შედეგად, მე უკვე ვღებულობ დაინტერესების, კრიტიკის, შექების შემცველ განწყობებს მკითხველებისგან და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიტიკა და სოციალური თემატიკა, ეს ის სფეროებია, რასაც ბლოგზე სტატიების უმეტესი ნაწილი ეხება. გარდა ამისა, ვცდილობ მკითხველს გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა შემეცნებითი ტიპის საკითხავი მივაწოდო. სოციალურ ქსელებში ამ წამოწყებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც მის სისწორესა და აუცილებლობაში მეტად დამარწმუნა.
იმ მიზნით, რომ ბლოგზე განთავსდეს სამართლის თემატიკასთან დაკავშირებული ანალიტიკური სტატიებიც და მიმოხილვებიც, ვთანამშრომლობ სამართალმცოდნე ნინო ბაღაშვილთან. მიმაჩნია, ეს მრავალფეროვნების ერთ-ერთი წინაპირობაა.

და ბოლოს, ვთვლი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ბლოგმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითანამშრომლა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან. პროექტის ფარგლებში საქართველოს ათ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შესახებ დაიწერა სხვადასხვა ტიპის სტატია, განთავსდა ბლოგზე და მოხდა მათი პოპულარიზაცია.


იმედს ვიტოვებ, ბლოგი ,,სოციალურ-პოლიტიკური დაიჯესტი’’ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მკითხველს.

საუკეთესო სურვილებით,
დეა ჯიქია





No comments:

Post a Comment